Friday, November 15, 2013

11.11 ანუ 1-ის დასასრული

აინ რანდმა თქვა პირველწყაროში- "გენიალური კარიერის შექმნას 2 ადამიანი სჭირდება- გენიალური ადამიანი და მეორე, განსაკუთრებით იშვიათი და უფრო გენიალური, ადამიანი, რომელიც ამჩნევს გენიალურობას და იცის როგორ დააფასოს".

ბოლო 1 წლის განმავლობაში თითქმის დარწმუნებული ვიყავი, რომ რანდისეულ იდეალიზმს ცხოვრებაში ვატარებდი და ვზეიმობდი მეორე ადამიანთან ერთად. 1 კვირის წინ დავიჯერე ზეძალების, ან სულაც დედამიწური რეალიზმის არსებობის, რომელმაც თავში ხელი წამომარტყა და მანახა, რომ გვერდით ერთი ჩვეულებრივი, მატყუარა ადამიანია, უბრალოდ მე მირეკლავს თვალის ასახვევად (ან ნუგეშის მოსაცემად, რაც უფრო ამაზრზენია). არაადეკვატური რეაქცია მქონდა. ახლაც მიჭირს დავიჯერო, რომ ის 1 წელიც მარტო ვიყავი, რომ ისე მინდოდა იმ გენიალურობის შექმნა- რაციონალურობა გვერდზე გადავდე და ტყუილებს დავუწყე გამართლება. არ შეიძლება ასე მეშინოდეს მარტო რამის შექმნის. არ შეიძლება იმ მეორე, იშვიათ ადამიანს მე ვიგონებდე და თავს ვაჯერებდე, რომ ნამდვილია. და ბოლოს, აზრზე მოსულს, არ შეიძლება ჩემივე შეცდომა ჩემი თავის რწმენას მირყევდეს.

გენიალურობა რა თქმა უნდა მე არ მეხება, მე ვერ მაქვს ამხელა ამბიცია, მაგრამ უარესი იდეალისტი გავხდი. 7 მილიარდი შანსი ამოახტა დედამიწას "გენიალური კარიერისთვის" და ვატყობ, ის მეორე "იშვიათი და უფრო გენიალური დამფასებელი" მე ვხდები ამ გამოცდილების შემდეგ.
როგორც ჩემმა ერთმა მეგობარმა გუშინ, ამდენი ხნის სიჩუმის შემდეგ ასე უცებ და უცნაურად "ბანალური" სიტყვები შემომაშველა- "რაღაც გამოთქმა რომ არის, იცი? რაც ხდება შენთვის ყოველთვის უკეთესია, თუ უკეთესისკენ ხდება, თუ რაღაც ეგეთი".
ჰო, რაღაც ეგეთი მოხდება, მარს.

Friday, October 04, 2013

მონოლოგი ჯაშუშურ კამერასთან

 თვალს მიხელს თავთან დადებული ტელეფონის გახსენება. სიტყვები მხვდება. როგორც ციხეში შემოგდებული გადღვებილი ფაფა - "თავისუფლების" კონდიციაში თვალიდან ტვინამდე გამავალ ტუბში რომ ერთ ნეირონსაც ვერ არტყამს, აქ კი ნერვული დაბოლოებების DMT სტიმულატორია . 2 თვეა სიტყვებზე ვარ.
  (ჭერზე დამაგრებული მინი კამერის პატრონი მაინც ვერაფერს ხვდება.  ან როგორ მიხვდება- ზემოდან კადრი ერთ ადამიანს დასდევს დიდ, ცარიელ სახლში, რომელსაც ასე უმოწყალოდ ტირილისთვის აშკარა მიზეზი არ ჰქონია, არც სიცილისთვის, არც უდიდესი სიხარულით დერეფანში სირბილისთვის. და ამ ყველაფერს უსიტყვებოდ, ტელეფონით ხელში აკეთებს. ...მეორე თვეა კამერის პატრონი, ცალ ხელში ბურგერით, ტუჩთან მიმხმარი კეტჩუპით და გულგრილი ინტერესით- მეორე ხელით გუგლავს აუტიზმს და შიზოფრენიას).

  "გამარჯობა, ჯარისკაცო
მე ინფო ჯანკი ვარ, რომელსაც გახლეჩილი დედამიწის მეორე ნაწილიდან ამარაგებენ არალეგალური სიტყვებით; მე თვალები ჩამიშავდა სხვა საკვებზე უარის თქმით და დილერი მაინც არ არის ბედნიერი ჩემით. ჩვეულებრივი გოგო ვარ. 2 თვეა განგაშის რეჟიმში განვიცდი უმნიშვნელო ტრიგერებს, მათი არ არსებობა კი პანიკური შეტევებით დეტოქსის მცდელობაა.
შენ მოგქცევიან უსამართლოდ, ჯარისკაცო? ...არა, არ უპასუხო ამ კითხვას. გავიგე. ჩემი საღი აზრის ქარხანაში გადარჩენილი 2კვ/სმ ფართი წითლად ანათებს და შველას მთხოვს. მთხოვს გავაკეთო ყველაზე ჩვეულებრივი და იოლი თესკი- გავიდე ღია კარში, გავიხედო ჯერ მარცხნივ, შემდეგ მარჯვნივ და ტრეფიკის სიჩქარით შევყვე მოძრაობას. არ ჰყოფნის 2კვ/სმ ფართის სტიმულაცია თესკის დასაწყებად მთლიანი მექანიზმის ჩართვას. ...და უარესად მეზიზღება თავი, სხვის სიტყვებზე დაქვემდებარების უფლება რომ მივეცი.

...რამდენიმე დღეა სიტყვების დოზა შემიმცირეს, ჯარისკაცო. არ ვიცი რა იქნება შემდეგ. რაც უნდა იყოს, იცოდე, რომ არაფერია განსაკუთრებული ამ ქეისში, აღარ გუგლო ეგენი. უბრალოდ 8 საათზე მეტს თუ გასტანს ჩემი "მედიტაცია" , გთხოვ დაურეკე 911-ს ან ჩემს ყოფილ ქმარს. ...ნომერი შენც იცი".



Thursday, October 03, 2013

2 წლის შენახული პროტესტის მინიატურა.



დილით ქალაქის თავზე დიდი, შავი ჩრდილი გამოჩნდა, აღმოსავლეთისკენ მიიწევდა. …ალბათ დასავლეთიდან მოდიოდა, არ ვიცი.


მოძრაობა შეჩერდა. 3 დღის დაუბანელმა, მაგრამ მაინც სუნამო გადავლებულმა, სამსახურისკენ მიმავალმა მოქალაქეებმა სვლა შეაჩერეს და პირდაღებულ სახეებზე პანიკის ნიშნები დაეტყოთ. 17 წლის დედებმა მობილურები აიღეს და სმს-ები გაუგზავნეს "ბირჟაზე" გასულ მეუღლეებს. ამ დროისთვის მეუღლეებს მზესუმზირის ჭამა უკვე შეენელებინათ და ისინიც პირდაღებულები აჰყურებდნენ უშველებელ ჩრდილს. ახალშობილებმაც სატყუარები დაგმოაგდეს დორბლიანი პირებიდან და გუგების გაფართოება დაიწყეს, წამით შეუჩერდათ ინსტინქტს მინდობილი კიდურების მოძრაობა. ქუჩის კუთხესთან მწოლიარე, დიათეზიანი ბავშვით ხელში, მათხოვარმა თავის ქალაში ჩაკირული თვალები გაახილა და 2 ყავისფერი კბილი გამოაჩინა. ძიძებმა მშობლების სადარბაზოს დაცვასთან ერთად შეკრეს წარბები და ქვედა ტუჩზე იკბინეს. ბაღის და სკოლის მასწავლებლებმა ბავშვები კლასებში შერეკეს და ფანჯრიდან დაიწყეს თვალთვალი. პულსი გაუ-ერთ-რიტმდა ქალაქს, გულის ძგერა გაერთიანდა და ჰაერში აგზავნიდა ვიბრაციებს.


უშველებელი საჰაერო ბურთი მთელ დიამეტრზე გასწვდა ჩვეულებრივი დღისთვის მზად ქალაქს. ბურთზე მობმულ კალათაში სოფო იყო, ძალიან დიდი რუპორებით ხელში და თავზე დაჰკიოდა თვალებღია, რუტინა დარღვეულ მოქალაქეებს: “გაიკეთეთ პრეზერვატივები, აააააააა!!!!!!!!”

Friday, September 20, 2013

27

 
  163 სანტიმეტრის 45 კილოიანი 27 წლის არსება ვარ. ძალიან პატარა ადგილს ვიკავებ პლანეტაზე და ჩემს გაკეთებულს არაფერს აქვს დიდი მნიშვნელობა მისთვის. ხშირად 163 სანტიმეტრიდან ამ 27 წელზე გადახედვა დემოტივატორია საერთოდ რამის გაკეთების. ერთი შეხედვით ჩვეულებრივად მისაღები ფაქტია- მე არანაირ მნიშვნელობას ვატარებ. მაგრამ უბრალოდ ძალიან მიკვირს- რატომ მტკივა ასე ინტენსიურად ეს უმნიშვნელობა...


Friday, May 24, 2013

23.05.2013, ბარისახო

 არანაირი წიგნების, რვეულების და კალმების დანახვა არ მინდოდა და მეათე კლასი ეზოში ჩავიყვანე. მინდორზე დავსხედით და თამაში დავიწყეთ. ამ თამაშს ერთი წესი აქვს - რაც გინდა შეგიძლია ყველაფერი თქვა, ოღონდ ერთი სიტყვა არ ესმის მასწავლებელს ქართულად. ზარის დარეკვა ვერ გავიგეთ. 2 წუთში მეორე კლასელები შემოგვიერთდნენ თამაშში, შემდეგ მეექსვე, მეცხრე... 20მდე ბავშვი მოგროვდა. პატარებს ყველაზე მეტი ჰქონდათ სათქმელი. შემდეგ ინტერნატში ზარი დარეკეს- სადილის დრო ჰქონდათ და ბავშვებიც წავიდნენ. ჩემი "სამუშაო" დღე ეგრე დამთავრდა.

მუსიკის ოთახში ავედი. შუქიამ კედლებზე გაკრული ნახატები მანახა. ვეფხისტყაოსნის ილუსტრაციები გაუკეთებიათ მოსწავლეებს რამდენიმე თვის წინ. კანზე პატარა ხანჯლები მაყრიდა სურათაბის ნახვისას. ...უსაზღვრო ნიჭს ატარებს ხევსური ხალხი.
ეს ჩემი ფავორიტია. 10 წლის ნოდარმა დახატა შოთა რუსთაველი.
"- თავზე რა აქვს?
 - ფიქრობს, მას!"

სკოლის საქმეებს რომ მოვრჩით, შუქიამ მითხრა მამიდაჩემთან წავიდეთო, ლიქოკის ჭალაში. გზაში მომავალ გეგმებზე და პროექტებზე ვლაპარაკობდით. ძალიან კარგი იდეები გვაქვს, ცოტა გული გვწყდება, რომ უფრო მეტ აქტიურობას ვერ ვხდავთ ვისგანაც საჭიროა. ცოტა ხანში მივედით. რა თქმა უნდა სუფრა გაშალეს. ალბათ შუქიამ წინასწარ გააფრთხილა- სოფო ხორცს არ ჭამსო და საჩემო საჭმელები ჰქონდათ გამზადებული. ცოტა შემრცხვა. მაგრამ მასპინძლებს ერთი წამითაც არ გაუმახვილებიათ ამ "უცნაურობაზე" ყურადღება. ...ასე გემრიელად სხვა რეგიონებში არსად მიჭამია.

მამიდა მზექალი ალბათ 75 წლის იქნება, ხევსურულად ლაპარაკობს. მისვლამდე ბავშვებმა მოატყუეს- ამ გოგოს ქართული არ ესმის და მისალმებისას "ჰელოუ" უთხარიო. მზექალს რცხვენოდა, როგორ დაველაპარაკოო. ...ჩახუტება და ძაან მოჭყლეტა მინდოდა ...მზექალის და ეშმაკი ბავშვებისაც.
არყით დავილოცეთ. ბურნითიც შევიყარეთ ცხვირის ნესტოებში. (უცნაურია, ბურნითს კაცები არ იყრიან, ქალებს დააქვთ ხოლმე ჯიბით. ადრე თურმე ხევსური ქალები თამბაქოსაც ეწეოდნენ და ეს ჩვეულებრივი ამბავი იყო, დღევანდელისგან განსხვავებით).  მზექალს ძალიან გული სწყდება დღევანდელ ხევსურებზე- "სად იყო ადრე მთავრობა, ცხვარში წასული თუ გავიგებდით მოხელეების სახელს და გვარს. მხოლოდ ჩვენს შრომაზე ვიყავ დამოკიდებული. ახლა კიდევ ვზივართ და - ამას რატომ არ აკეთებს, იმას რატომ არ აკეთებს?! დააცადე კაცო, რამდენი ქნას? შენ რატომ არ შრომობ?" ისევ ის პატარა ხანჯლები მაყრიდა კანზე მზექალს რომ ვუსმენდი.

შემდეგ მომიბრუნდა და მეკითხება:
"ქმარ-შვილ გყავნ?
- ...არა მეთქი და უხერხულად გავუღიმე.
- გასთხოვდ და გეყოლების". ორივეს ძაან გაგვეცინა.

კვირას სოფელში მიდიან, ძროხები მიჰყავთ, კარტოფილიც უნდა დათესონ.აღარავინ ცხოვრობს იმ სოფელში თურმე, ზაფხულობით თუ აიყვანს ნახირს 2 კაცი. ორშაბათს მე და შუქოც ავალთ და მივეხმარებით.

(გაგრძელება და ფოტოები შემდეგ პოსტებში)

Thursday, May 23, 2013

22.05.2013, ბარისახო.


წუხელ ამოვედი ხევსურეთში. გახსოვს, ბავშვობაში რომ მინდოდა მთის რომელიმე მიყრუებულ სოფელში მასწავლებელი ვყოფილიყავი?! აი, ამ შუა ემოციურად არეულ პერიოდში ეგ მივიწყებული ოცნება ამისრულდა. ...ყველაზე მედატ მომწონს ჩემი ცხოვრება, დედამიწაზე მგონი ყველაზე ბედნიერი ადამიანი შემიძლია ვიყო.

ჩემს ავტობუსს ბავშვები დახვდნენ წუხელ, ვიზუალურად მაინც უნდოდათ ენახათ როგორი იქნებოდა ინგლისურის მასწავლებელი. შუქია დამხვდა ბარისახოს მაღაზიასთან, ინტერნატის შენობაში ჩემთვის ოთახი მოემზადებინა. აქ ვრჩები. ინტერნატის პირველ სართულზე ამბულატორიაა, მეორე სართული გაუქმებულია, მესამე სართულზე კი მთის სოფლებიდან სკოლაში ჩამოსული ბავშვები და რამდენიმე მასწავლებელი ვცხოვრობთ. შუქია წუხდა კომფორტზე- რომ ჩემს ოთახში წყალი ჩამოდის, რომ შუშა გატეხილია, რომ ტუალეტი არ არის. შუქია ჯერ კარგად არ მიცნობს.

ჩამოსვლამდე ვიცოდი, რომ მხოლოდ 2 წლის წინ დაიწყეს უცხო ენის სწავლა და რომ ამ პერიოდში რამდენიმე მასწავლებელი გამოიცვალეს- პირობებს ვერ უძლებდნენ და შუა სასწავლო პროცესიდან გარბოდნენ მასწავლებლები.

დილით 9ზე შევედი მერვე კლასში. 2 მოსწავლეა. შემდეგ მეათეში- აქ 6 მოსწავლეა, მეშვიდე კლასში 4 მოსწავლე. მასწავლებლებიც და მოსწავლეებიც სკეპტიკურად მიყურებდნენ- „რამდენ ხანს რჩებით?“ „როდის მიდიხართ, მას?“ „ხომ არ წახვალთ ხვალ, მას?“. ...ძალიან გავბრაზდი. ჯერ იმ წიგნებზე, რომლითაც ხელმძღვანელობდნენ; მერე იმ რვეულებზე, რომლებიც სიტყვებით აქვთ გატენილი და რეალურად არ უსწავლებიათ; მერე კიდევ იმ ადამიანობაზე, რომელიც ამ რეგიონში ბავშვების განათლების ბედს ასე იოლად დაიკიდებს ფეხებზე და შუა გზაში იტყვის- მე მივდივარ! და წავა. ...და ბოლოს ჩემ თავზე, რომ ჯერ კიდევ გეგმაში მაქვს ამერიკაში დაბრუნება.  

(გაგრძელება შემდეგ პოსტებში)

Thursday, January 17, 2013

Masks and Closets



ჩვეულებრივი სატირა, დადაიზმის მორგება და იქვე მიტოვება - ეგ არი ჩემი (ფ)არტი. ბანალური და მაინც რატომღაც ზოგ კულტურებში აქტუალური დელატები მეკრობა და პროექციას თრეშ არტისტობით ვახდენ. წარმოვადგენ არაფერს და მნახველისთვის სუბიექტური ფილოსოფია ვხდები. მე ვარ რორშახის ხელოვნება. მე ვარ შენ. 

(f)Art