Tuesday, February 26, 2008

უცხოპლანეტელის დღიურებიდან



სახელი: ევა
ასაკი: 29 მ. წ.
მისია: ადაპტაცია
გამოცდილება: არ არის მნიშვნელოვანი


მოვლენის შემდეგ აღიქმება როგორც ქალი. ამ როლს ითავისებს 5 წლის ასაკიდან. დანარჩენ სხვა როლებს გარემოებები განაპირობებს, ამიტომ ცვლადია.
სამეტყველო ენა არ გააჩნია, თუმცა საკუთარი ტვინის მუშაობას თარგმნის ქცევის ენაზე. განსაკუთრებული ფიზიკური ნაკვთები: ფართოდ გახელილი თვალები, სახელური მკერდებს შორის.
ემოციების განცდა და გამოვლენა არ შეუძლია, თუმცა ისწავლა აღტაცება, გაბრაზება, ცრემლის გამომუშავება.

პირველი დაბადება არ ახსოვს, მხოლოდ ის იცის, რომ მის პლანეტაზე დაბუშტული გულებია, უსიტყვო გრძნობებია თვალებიდან გადმოხეთქილი, ცები პულსირებენ.
აქ მოვლენის შემდეგ დიდი სიცარიელეა ორგანიზმში. ერთადერთი ვისთანაც საუბარი შეუძლია საკუთარი სხეულია, რომელსაც ლუპით დასდევს. ვერ ხვდება გარშემო არსებებს ასე სად ეჩქარებათ, არ ესმის თვალები რატომ არ უჩანთ, ან ხიდები რატომ არ აქვთ მკერდებს შორის მომავალი.
აქ დღეებია, ღამეებს ვერ იყენებენ.
აქ ერთმანეთს ადამიანებს უწოდებენ, ერთმანეთს კლასებით ჰყოფენ, ერთმანეთთან მიზნების გამო მიდიან, ერთმანეთისგან მიზნების გამო მიდიან, …და მუდან ეჩქარებათ.
აქ ცა ცისფერია, …არ პულსირებს. აქ მიწაა გადაშლილი, რომელზეც დადიან, …მხოლოდ დადიან, …მხოლოდ მიზნებამდე მიღწევისთვის დადიან, მიწა ეშორებათ, ევიწროვებათ, არ ჰყოფნით, ცუდი გზებია. …მიწის სუნი კი არ იციან, მიწაზე დაბიჯებით ცოდვას ვერ გრძნობენ. ... აქ კიბეებს აბიჯებენ, გამოტოვებული კიბე რომ წყევლის არ იციან.
მას ვერ ხედავენ. მხოლოდ მის სხეულს ხედავენ, ლამაზი სხეული აქვს. მისი სხეული ენერგიის ნაპერწკლებს ირეკლავს მზეზე და ეს მხოლოდ მათ სჭრით თვალს, ვისაც მიზნებიანმა არსებებმა გადაუარეს, ვისაც აღარ ეჩქარებათ და ამით სიცოცხლის იდეა დაკარგეს. საოცარია, მის სახელურს ვერავინ ხედავს, და არც არავის შეუღია ჯერ. ნეტავ, ლუპები თუ აქვთ, …ან სწორად თუ იყენებენ?
ის ვერ გრძნობს. მხოლოდ ტკივილი ასწავლა თავს. შუა საცობში გული გადაიხსნა და წინ დაუდგა მოძრაობას, …მათაც მყისიერად დაუკაწრეს დედიშობილა სული. …პირველადი მისია შესრულებულია, …იგრძნო! …მაინც რატომ ვერ ხედავენ სახელურს, რატომ აძლევენ ტკივილს ასე იოლად გზას? ტკივილი არ მოეწონა, მაგრამ პირველი გრძნობა ის იყო.
......