Monday, November 22, 2010

"იმ ხანაში, სადაც პენისებს ჭუჭულიკებს ეძახდნენ და სექსი არ არსებობდა, ტიპმა დიდი ზეგავლენა მოახდინა სტუდენტ გოგოებზე. არ ვიცი ეს სატანა იყო, თუ ძლიერი ფსიქოლოგი"- დაასკვნა დღეს ჩემი მეგობრის ოჯახმა.

...რა მაგარია იცოდე რომელი ვიტამინის ნაკლებობას განიცდის შენი თაობა, რომ ამ ვიტამინით მანიპულირება დაიწყო. ინფორმაციული დეპრივაციის იმპერიის ჰიპნოზით მოთვინიერება გენიალური იდეა იყო. ის ტიპი პენისისა და საშოს ფიზიოლოგიურ ჯადოსნობებზე გულახდილი საუბრებით აფსიხებდა კომბოსტოებიდან მოყვანილ ქალიშვილებს. ...უცებ უვლის სკანერი სტატისტიკას- რამდენი სამებისა და ქაშუეთის მრევლი გახდებოდა იგივე ჰიპნოზით "თვალახელილი" და "ჭეშმარიტებას ნაზიარები" დღეს, 2010 წლის 22 ნოემბერს?! გული მერევა და მინდა ვიყო ამ მრევლთაგანი, რომ ინფორმაციულ დეპრივაციაში ვიცხოვრო, რომ მეშინოდეს ყველა ჩემთვის აქამდე წაუკითხავ უნახავის, რომ ვიყო კეთილგულა, წარჩინებული რობოტი, რომელიც ყველის 3 სახეობას შეექცევა მხოლოდ- დანარჩენებში ქიმიაა, რომ გავხდე ღვთიური გენების ინკუბატორი და ჩემს ნაშობ, გარობოტებულ რაღაცეებსაც რომ ისევე ეშინოდეთ იმ ტიპების და ერს იცავდნენ მათგან.

brave new world!


Sunday, November 21, 2010

ძველ პოსტს ვაცოცხლებ.


Tuesday, February 26, 2008

უცხოპლანეტელის დღიურებიდან



სახელი: ევა
ასაკი: 29 მ. წ.
მისია: ადაპტაცია
გამოცდილება: არ არის მნიშვნელოვანი


მოვლენის შემდეგ აღიქმება როგორც ქალი. ამ როლს ითავისებს 5 წლის ასაკიდან. დანარჩენ სხვა როლებს გარემოებები განაპირობებს, ამიტომ ცვლადია.
სამეტყველო ენა არ გააჩნია, თუმცა საკუთარი ტვინის მუშაობას თარგმნის ქცევის ენაზე. განსაკუთრებული ფიზიკური ნაკვთები: ფართოდ გახელილი თვალები, სახელური მკერდებს შორის.
ემოციების განცდა და გამოვლენა არ შეუძლია, თუმცა ისწავლა აღტაცება, გაბრაზება, ცრემლის გამომუშავება.

პირველი დაბადება არ ახსოვს, მხოლოდ ის იცის, რომ მის პლანეტაზე დაბუშტული გულებია, უსიტყვო გრძნობებია თვალებიდან გადმოხეთქილი, ცები პულსირებენ.
აქ მოვლენის შემდეგ დიდი სიცარიელეა ორგანიზმში. ერთადერთი ვისთანაც საუბარი შეუძლია საკუთარი სხეულია, რომელსაც ლუპით დასდევს. ვერ ხვდება გარშემო არსებებს ასე სად ეჩქარებათ, არ ესმის თვალები რატომ არ უჩანთ, ან ხიდები რატომ არ აქვთ მკერდებს შორის მომავალი.
აქ დღეებია, ღამეებს ვერ იყენებენ.
აქ ერთმანეთს ადამიანებს უწოდებენ, ერთმანეთს კლასებით ჰყოფენ, ერთმანეთთან მიზნების გამო მიდიან, ერთმანეთისგან მიზნების გამო მიდიან, …და მუდან ეჩქარებათ.
აქ ცა ცისფერია, …არ პულსირებს. აქ მიწაა გადაშლილი, რომელზეც დადიან, …მხოლოდ დადიან, …მხოლოდ მიზნებამდე მიღწევისთვის დადიან, მიწა ეშორებათ, ევიწროვებათ, არ ჰყოფნით, ცუდი გზებია. …მიწის სუნი კი არ იციან, მიწაზე დაბიჯებით ცოდვას ვერ გრძნობენ. ... აქ კიბეებს აბიჯებენ, გამოტოვებული კიბე რომ წყევლის არ იციან.
მას ვერ ხედავენ. მხოლოდ მის სხეულს ხედავენ, ლამაზი სხეული აქვს. მისი სხეული ენერგიის ნაპერწკლებს ირეკლავს მზეზე და ეს მხოლოდ მათ სჭრით თვალს, ვისაც მიზნებიანმა არსებებმა გადაუარეს, ვისაც აღარ ეჩქარებათ და ამით სიცოცხლის იდეა დაკარგეს. საოცარია, მის სახელურს ვერავინ ხედავს, და არც არავის შეუღია ჯერ. ნეტავ, ლუპები თუ აქვთ, …ან სწორად თუ იყენებენ?
ის ვერ გრძნობს. მხოლოდ ტკივილი ასწავლა თავს. შუა საცობში გული გადაიხსნა და წინ დაუდგა მოძრაობას, …მათაც მყისიერად დაუკაწრეს დედიშობილა სული. …პირველადი მისია შესრულებულია, …იგრძნო! …მაინც რატომ ვერ ხედავენ სახელურს, რატომ აძლევენ ტკივილს ასე იოლად გზას? ტკივილი არ მოეწონა, მაგრამ პირველი გრძნობა ის იყო.
......