Wednesday, April 16, 2008

იცი, დღეს მაღაზიაში ხილს ვყიდულობდი. უცებ ერთი მოხუცი ქალი შემოვიდა, უსიტყვოდ ხურდები დაუყარა, ერთი ვაშლი აიღო და სწრაფად უკან გაბრუნდა. დაბალი, წელში მოხრილი იყო, მსუქანი არა...
გარეთ რომ გამოვედი მოხუცი ქალი ქუჩის კუთხეში ბავშვივით ჭამდა იმ ერთ ვაშლს.
...
რამხელა მიზეზი მაქვს თავი მოვიკლა.
...თქვენ მაინც ვერასდროს ვერაფერს მიხვდებით.

იმავე საღამოს, რამდენიმე საათის შემდეგ, მე შარდენის 12-ში ვზივარ და მარტო იმიტომ, რომ "ჩემთვის სულ ერთია, როგორც გინდა", ყველის ნამცხვარს და კაპუჩინოს მივირთმევ, რომლის ფულიც მე არ გადამიხდია.
...
...მაგრამ მე არ მოვიკლავ თავს.
გამოცდას გიწყობ, ღმერთო. საშინლად გავბრაზდი დღეს შენზე. ბევრ შეცდომას უშვებ. მე არ გავასწორებ შენს შექმნილ სამყაროს, რომც შემეძლოს მაინც. მე არ დავთესავ სიკეთეებს, რადგანაც ეს ნიშნავს ომები მეპატიებოდეს. მიხედე შენს შექმნილს, ან მომანდე და ნუღარ მსჯი.
არადა მე ერთი უმნიშვნელო სიცოცხლე მინდა, ბედნიერების უფლება მინდა, გარემო მინდა რომელიც ამას შემაძლებინებს. მე ვერ ვიქნები იმ მოხუცის ფონზე ბედნიერი. ჭამის დროსაც დანაშაულის გრძნობა მაქვს. შენც იცი რომ ადამიანები ასეთ კონდიციას დიდხანს ვერ უძლებენ, ნუ კლავ ჩემში ადამიანს, ღმერთო, მე ხომ უკვე შენ გიპოვნე ამ ადამიანობაში. ნუთუ ასე გშურს დედამიწური ბედნიერებების...?!
ჰო, მე ბრიყვი ვარ, რომელიც დღეს მშიერი დატოვე.
და მაინც არ ვიკლავ თავს... ჯოჯოხეთს ვეჩვევი.