Friday, February 17, 2012

ამბავი იმისა, თუ როგორ იხსნა ბეტმენის ძმაკაცმა დედამიწა

ტკივილი არი ზომბირების ძალიან ძლიერი ფუნდამენტი. ისევე როგორც ოცნებები; ისევე როგორც ნაყინი ანგინიანი ბავშვისთვის- სიზმარშიც რომ საშინლად უნდა და მეტზე რომ ვერაფერზე ფიქრობს. მაგრამ ტკივილისგან განსხვავებით ოცნების და სურვილის უგულებელყოფას სწავლობ, ან ხდები ბუდისტი.

5 დღის განმავლობაში დამამონა კბილის ტკივილმა: პირველი 2 დღე აბუჩად ვიგდე, გაძლებას და ვეიდერის ძალებს ვტესტავდი ჩემში, მესამე დღეს პანიკის ნიშნები დამეტყო, ბოლო 2 დღე კიდევ რაციონალურად აზროვნების უნარი წამერთვა და იარაღი რომ მქონოდა (რაც, სადაც ვცხოვრობ სავსებით ლეგალურია) ფეხით მივიდოდი შაბათ კვირას დაკეტილ კლინიკებში და რამდენიმეოდე ტყვიას დავახლიდი კარზე. ასევე გულუხვი ვიქნებოდი სუპების მწარმოებელი კომპანიების მიმართ- საშინელი ტალახი რომ მასვეს ამ ხნის განმავლობაში (ღეჭვა არ შემეძლო), სადაზღვევო სისტემის მიმართ- უთვალავი დოლარები რომ სჭირდება დაუზღვევლად და საშინლად ბიუროკრატიული პროცესი როა დაზღვევით, და საერთოდ, მთლიანად სამყაროს მიმართ- ასეთ ტანჯვაში მყოფ ადამიანებს რომ პაციენტებს უწოდებენ და შემოსავლის წყაროები რომ ზუსტად ეს პაციენტები არიან.

 "ბლეკაუტი" დაემართა ტვინის იმ ნაწილებს, რომელიც ამ ტკივილთან და მის აღმოსაფხვრელ გზებთან არ იყო დაკავშირებული. ყველანაირ ახალ ინფორმაციას ვაკავშირებდი ტკივილთან, ყველანაირ წესრიგის თეორიაში ვხედავდი უდიდეს უსამართლობას, გარშემო ყველაფერი მეგონა ყალბი, რადგან არც ერთი მათგანი არ მიმსუბუქებდა ტკივილს.

ატლასს ვგავდი ის დღეები, ყბა გასიებულ, გაბოროტებულ პატარა ატლასს, რომელსაც იმ საშინელი ტკივილის გამო შეეძლო დედამიწა აეღო, აესროლა და იმ დედამიწით შეელეწა ღმერთების სარკმლები.

1 საათი გაგრძელდა ოპერაცია. ექიმმაც ზუსტად ეგ სცენარი დაინახა მგონი, თვალებში რომ ჩამხედა. მშვენივრად იცოდა ტკივილით მართვის თეორიის შესახებ და იფიქრა, მოდიო, ეს გოგონა არ იყოს რიგითი ჯარისქალი სისტემის წინააღმდეგო; თან ამერიკაში არ გვაწყობს ეგეთი სკანდალები- ანერვიულდებიან ბეტმენები და სუპერმენებიო.

და გამომიწერა ნარკატა. ...მსუბუქი ნარკატა. და დაუბრუნდნენ დედამიწას ნავთობის ჭაბურღილები, ავტომობილების მწარმოებელი კომპანიები, გენ. ლაბორატორიები, სამხედრო ძალები.  მე კიდევ ღრძილზე ნაკერებიანი, ტუჩზე სისხლ შემხმარი ვიჯექი სახლის შესასვლელ კართან და (ალბათ რამდენიმე საათით) ვუღიმოდი ჩემს ფეხებ ქვეშ თოვლის დნობას.