Tuesday, December 13, 2011

Praying undone
















ციკლიდან: (f)Art, ანუ არაფხიზელი ზმანებები, ანუ იუდა, მიშველე!

Sunday, December 11, 2011

ხელოვნება (იგივე ხელოვნურობა, იგივე (f)Art) ერთად ერთი გამართლებაა ფხიზელი ყოფნის. 21 საუკუნის უბრალო მოქალაქეებმაც უკვე გაიგეს ამის შესახებ და ელემენტარული დიალოგის დროსაც ხელოვნებასთან გაქვს საქმე.

სულ სხვა საქმეა არაფხიზელი მდგომარეობა, თრიფები ღმერთებზე და კურდღლების ხელმძღვანელობა ლაბირინთებში, სიზმრები წარსულ ცხოვრებაზე და შიზოფრენიული ხილვები მომავალზე, ფრიგიდული ფანტაზიები და ფოტოშოპის უნიჭო გამოყენება.

ჩემი მინიმალისტური ხელოვნება და დღის ობსერვაცია: ალისა ჩემი ძმაკაცია.






Monday, May 30, 2011

ეს საქართველოა, ანუ რევოლუციები და ნახევრად რევოლუციები ჩემს გარეშე

2011 წლის მაისის დემონსტრაციებმა თბილისში ბევრ ბლოგერს გაუხსნა მუზა. ჩემთვის განსაკუთრებულად რთულია ამ თემაზე რამის წერა ახლა, როცა ასე შორს ვარ თბილისიდან. მაგრამ მაინც…
2003 წელს რომ რევოლუცია მოხდა, ამერიკაში ვიყავი და CNN-ით ვუყურებდი მომხდარ ამბებს. 1 წლის შემდეგ თბილისში მიმავალს იმედი მქონდა უკეთეს საქართველოში დაბრუნების. დაბრუნებიდან 1 კვირაში საშინელი დეპრესია დამეწყო. მეზიზღებოდა უნივერსიტეტის დაცვა, რომელიც რატომღაც ფოიეში ძირს დაჯდომას მიკრძალავდა; სმუქანი ქალი ავტობუსში, არც რომ შემომხედავდა და ისე მადებდა სქელ, სუნიან უკანალს თავზე; დეპრესიული საკანცელარიო ნივთების გამყიდველი, რომელიც ყურადრებას არასდროს აქცევდა კლიენტებს და ვერ ხვდებოდა მადლობას რატომ უხდიდი ბოლოს; საბჭოთა წიგნები ბიბლიოთეკაში; გაბღენძილი ლექტორები- “ჩვენ უკვე დემოკრატიაში ვცხოვრობთ- სტუდენტმა თვითონ უნდა მოინდომოს” მიდგომებით. ყველაზე მეტად მთრგუნევდა ჩემი მეგობრების დამოკიდებულება. არავის მოსწონდა ირგვლივ რაც ხდებოდა, ყველა ფიქრობდა რომ ნეხვში ვცხოვრობთ და ერთად ერთი რასაც აკეთებდნენ ამაზე მხოლოდ წუწუნი იყო. ხშირად დამცინოდნენ კიდევაც იმის გამო, რომ რევოლუციას რბილ სავარძელში მოკალათებული ვუყურებდი შორიდან და სათანადოდ ვერ ვაფასებდი სიტუაციებს. თითქმის ყოველთვის დიდ კედელს აღმართავნდნენ ხოლმე სიტყვებით “ახლა საქართველოში ხარ. ეს საქართველოა”. “ეს საქართველოა” იქცა ცხოვრების სტილად, “ეს საქართველოა”-ს გამო გაჩდნენ გოიმები, რბილი “ლ”-ები; მოემატა ძალა უფლება სამთავრობო უწყებებს; საშემოსავლო გადასახადი 20%-ს აღწევს და გადამხდელს პირებს არანაირი როლი არა აქვთ მის დახარჯვაში; არ არსებობს სიტყვის თავისუფლების, ინფორმაციის გამჭვირვალობის, სამოქალაქო როლის სწორი დეფინიციები; გაჩნდა სოციალური მედია, რომელიც wordpress, blogger, facebook-ის ჰელპ დესკია მხოლოდ ან უკეთეს შემთვევაში “გაქაჩვის” გზა. სამსახურს ნაცნობ-ნათესავების გარეშე ვერ იწყებ, ან თუ იწყებ უნდა დაუნაცნობ-დაუნათესავდე თანამშრომლებს, სხვა გვარად ცუდად მუშაობ. ამ ყველაფერს ხედავ, გაწუხებს, მაგრამ ვერაფერს აკეთებ, იმიტომ, რომ “ეს საქართველოა”.
25-26 მაისის პროტესტებიც “ეს საქართველოა”-ს ერთგვარი გავრცობაა. ქუჩაში გამოჰყავთ ათასობით ადამიანი- ამ ქვეყანაში არსებული სიტუაციის მიმართ პროტესტის სხვა გზა არ ჭრისო (ან არ ვიცითო), “ეს საქართველოაო”. ისე დაემთხვა, რომ ახლაც ამერიკაში ვარ და მეტ-ნაკლებად ობიექტური მედიის საშუალებით ვადევნებ თვალ-ყურს თბილისის ამბებს. თუმცა ამჯერად თავს დამნაშავედ არ ვგრძნობ. გულახდილად რომ ვთქვა, არც მაშინ გავიდოდი გარეთ და დაგროვებულ პროტესტის გრძნობას ქუჩაში ყვირლით არ გამოვხატავდი. მე არ მჯერა 1 დღეში აშენებული დემოკრატიის ან გაზრდილი სამუშაო ადგილების ან ბრახ! ვუალა! “social policy” გაჩნდა უცებ. არც იმის სისწორის მჯერა, გადმონაშთ მენტალიტეტებს რომ ტანკებით იშორებენ თავიდან და 2 დღის შემდეგ “პოულობენ” გვამებს. მაგრამ ვიცი, ამაზე ქუჩაში ყვირილი, (როგორც უკვე ამდენჯერ ვნახეთ) ტანკებს უკან არ დააბრუნებს და სანატრელ ქვეყანაში მეორე დღეს არ გაგვაღვიძებს. სჯობს ერთი სანთელი დაანთო, ვიდრე განუწყვეტლივ აძაგებდე ბნელსო, კონფუცმა თქვა, თუ არ ვცდები. ვარდების რევოლუციის შემდეგ, ირგვლივ სიტუაციის მიმართ ზიზღმა და გაჩენილმა პროტესტის გრძნობებმა ფანატიკოსად მაქცია მგონი. ისეთ ორგანიზაციებში ვიწყებდი სამსახურები, რომლებსაც ამ პროტესტებით გატენილი გონებით ვემხრობოდი და რაღაც დოზით გზა იყო გამოხატვის (არა, სამსახური არასოდეს ყოფილა შემოსავლის წყაროსთვის ჩემი დროის დახარჯვა. იმედი მაქვს არც არასოდეს იქნება).  რამდენიმე წელი მივუძღვენი ძნელად მისადგომი სოფლების, დევნილი მოსახლეობის, რეგიონებში მცირე ბიზნესის მფლობელების, არ არსებული საჯარო ინფორმაციის  შექმნის პრობლემა-პერსპექტივების გარეთ გამოტანას. ზოგი გამოვიდა, ზოგი ვერ. ძალიან ბევრი ამ დახარჯულ წლებზეც სკეპტიკურად მელაპარაკება და ქუჩაში გამოხატული ერთჯერადი პროტესტი უფრო ადეკვატური მიაჩნია. ბევრი დაბრმავებულია მასიური სისხლიანი ვიდეო/ფოტოებით, რომლებსაც გამოზოგილი დოზებით ავრცელებს ქართული მედია, და ზიზღი ისევ “ეს საქართველოა”ში აბრუნებს. მათ როცა რამე არ მოსწონთ, არ ჩუმდებიან. ჩვენ კიდევ, ფანატიკოსები, როცა რამე არ მოგვწონს, ვჩუმდებით და ვცდილობთ ვაკეთოთ- მერე რა რომ საქართველოა.

Friday, March 25, 2011

ის ვიღაც ქალის და კაცის შვილია, ბავშვობაში ერთი, ვიღაც ქალის და კაცის შვილი უყვარდა, ვიღაც ქალის და კაცის შვილებთან ერთად თამაშობდა, სწავლობდა, ტრადიციებისამებრ ერთობოდა. ...ტრადიციებისამებრ, "მთვარეული" დაარქვეს (ასეთ დიაგნოზებს ალბათ მუცლის ღრუს ხელით გასინჯვით ადგენენ), შესაბამისად ფსიქიატრიულში მიყავს ტრადიციულ ვიღაც ქალს და კაცს, ცრემლიანი ემშვიდობება, მათი შვილი ხომ ყველას არ გაქვს, რატომ დასაჯა ღმერთმა ასე?! თუმცა გული მშვიდად აქვთ, აქ მისთვის უკეთესია.

ვიღაც ქალის და კაცის შვილის დიაგნოზი აქ სულ არ აინტერესებთ. ის გიჟია. დიდად არც იმას აქვს მნიშვნელობა, რა ტემპერატურა იქნება მის ოთახში წელიწადის ამა თუ იმ დროს, არც იმას, კვირაში რამდენჯერ ჩაიცვამს სუფთა ტანსაცმელს ან დაწვება სუფთა საწოლში, ან საერთოდ თუ ექნება საწოლი, შენობიდან ხომ თითქმის არ გავა მაინც. ...არ გაუშვებენ. აქ ფიქრის საშუალებასაც არ მისცემენ, გიჟური აზრები აქვს, აფექტიც ექნება ალბათ აზრებს რომ აჰყვეს. სუპში ჩამბალ პურს აჭმევენ, ცივი შხაპი თუ უფრო არ აგიჟებს- ბანაობის საშუალებას აძლევენ, ჯადოსნურ აბს აყლაპებენ ყოველ დღე, რომ არავინ შეაწუხოს ზედმეტად და მოიბუზოს მისთვის განკუთვნილ ძალიან ძველ და ჭუჭყიან, მაგრამ საწოლში.

ხვალ დილით კორიდორში გავა. ვიღაც პატარა გოგო -ბიჭების ბაბუს გამოელაპარაკება და, თუ საშუალება მისცეს, ნარდსაც ეთამაშება. ვიღაც გოგო -ბიჭების ბაბუები, არავისი დედები და ბებოები, ნაპოლეონის მეგობრები და დამსახურებული არტისტები მისი მეგობრები არიან. მათი რეალობაც ერთ დღიანია, ჯადოსნურ აბამდე მოსწრებული რეალობა. ეს უბრალო ჯადოსნური აბი არ არის- ეს წამალი "მე გიჟი არა ვარ"-ის სისულელეში გარწმუნებს და უსხეულოს გხდის შენი ძალიან ძველი და ჭუჭყიანი, მაგრამ მაინც საწოლის მიმართ, გაყვარებს სუპში ჩამბალ პურს და შენს ჭერზე ალბათ საუკუნის წინ გაჩენილ დიდ ბზარს. ბზარიდან დანახული ცის ნაგლეჯი ათას სიზმარს დაასიზმრებს ამაღამ ვიღაც ქალის და კაცის შვილს, დილით ალბათ კედელზე გადმოტანაც მოუნდება რომელიმე მათგანის, მაგრამ არ შეიძლება. აქ მხოლოდ გისოსებს გამოქცეული მზის სხივი შეიძლება, შენნაირები შეიძლება და, რა თქმა უნდა, ჯადოსნური აბის მადლით მარგალიტებივით დაბერილი ძალიან ძველი და ჭუჭყიანი, მაგრამ მაინც საწოლები შეიძლება.

საუკუნის რეალობა: თბილისის ფსიქიატრიული კლინიკები.