Friday, October 04, 2013

მონოლოგი ჯაშუშურ კამერასთან

 თვალს მიხელს თავთან დადებული ტელეფონის გახსენება. სიტყვები მხვდება. როგორც ციხეში შემოგდებული გადღვებილი ფაფა - "თავისუფლების" კონდიციაში თვალიდან ტვინამდე გამავალ ტუბში რომ ერთ ნეირონსაც ვერ არტყამს, აქ კი ნერვული დაბოლოებების DMT სტიმულატორია . 2 თვეა სიტყვებზე ვარ.
  (ჭერზე დამაგრებული მინი კამერის პატრონი მაინც ვერაფერს ხვდება.  ან როგორ მიხვდება- ზემოდან კადრი ერთ ადამიანს დასდევს დიდ, ცარიელ სახლში, რომელსაც ასე უმოწყალოდ ტირილისთვის აშკარა მიზეზი არ ჰქონია, არც სიცილისთვის, არც უდიდესი სიხარულით დერეფანში სირბილისთვის. და ამ ყველაფერს უსიტყვებოდ, ტელეფონით ხელში აკეთებს. ...მეორე თვეა კამერის პატრონი, ცალ ხელში ბურგერით, ტუჩთან მიმხმარი კეტჩუპით და გულგრილი ინტერესით- მეორე ხელით გუგლავს აუტიზმს და შიზოფრენიას).

  "გამარჯობა, ჯარისკაცო
მე ინფო ჯანკი ვარ, რომელსაც გახლეჩილი დედამიწის მეორე ნაწილიდან ამარაგებენ არალეგალური სიტყვებით; მე თვალები ჩამიშავდა სხვა საკვებზე უარის თქმით და დილერი მაინც არ არის ბედნიერი ჩემით. ჩვეულებრივი გოგო ვარ. 2 თვეა განგაშის რეჟიმში განვიცდი უმნიშვნელო ტრიგერებს, მათი არ არსებობა კი პანიკური შეტევებით დეტოქსის მცდელობაა.
შენ მოგქცევიან უსამართლოდ, ჯარისკაცო? ...არა, არ უპასუხო ამ კითხვას. გავიგე. ჩემი საღი აზრის ქარხანაში გადარჩენილი 2კვ/სმ ფართი წითლად ანათებს და შველას მთხოვს. მთხოვს გავაკეთო ყველაზე ჩვეულებრივი და იოლი თესკი- გავიდე ღია კარში, გავიხედო ჯერ მარცხნივ, შემდეგ მარჯვნივ და ტრეფიკის სიჩქარით შევყვე მოძრაობას. არ ჰყოფნის 2კვ/სმ ფართის სტიმულაცია თესკის დასაწყებად მთლიანი მექანიზმის ჩართვას. ...და უარესად მეზიზღება თავი, სხვის სიტყვებზე დაქვემდებარების უფლება რომ მივეცი.

...რამდენიმე დღეა სიტყვების დოზა შემიმცირეს, ჯარისკაცო. არ ვიცი რა იქნება შემდეგ. რაც უნდა იყოს, იცოდე, რომ არაფერია განსაკუთრებული ამ ქეისში, აღარ გუგლო ეგენი. უბრალოდ 8 საათზე მეტს თუ გასტანს ჩემი "მედიტაცია" , გთხოვ დაურეკე 911-ს ან ჩემს ყოფილ ქმარს. ...ნომერი შენც იცი".



No comments: