Thursday, May 23, 2013

22.05.2013, ბარისახო.


წუხელ ამოვედი ხევსურეთში. გახსოვს, ბავშვობაში რომ მინდოდა მთის რომელიმე მიყრუებულ სოფელში მასწავლებელი ვყოფილიყავი?! აი, ამ შუა ემოციურად არეულ პერიოდში ეგ მივიწყებული ოცნება ამისრულდა. ...ყველაზე მედატ მომწონს ჩემი ცხოვრება, დედამიწაზე მგონი ყველაზე ბედნიერი ადამიანი შემიძლია ვიყო.

ჩემს ავტობუსს ბავშვები დახვდნენ წუხელ, ვიზუალურად მაინც უნდოდათ ენახათ როგორი იქნებოდა ინგლისურის მასწავლებელი. შუქია დამხვდა ბარისახოს მაღაზიასთან, ინტერნატის შენობაში ჩემთვის ოთახი მოემზადებინა. აქ ვრჩები. ინტერნატის პირველ სართულზე ამბულატორიაა, მეორე სართული გაუქმებულია, მესამე სართულზე კი მთის სოფლებიდან სკოლაში ჩამოსული ბავშვები და რამდენიმე მასწავლებელი ვცხოვრობთ. შუქია წუხდა კომფორტზე- რომ ჩემს ოთახში წყალი ჩამოდის, რომ შუშა გატეხილია, რომ ტუალეტი არ არის. შუქია ჯერ კარგად არ მიცნობს.

ჩამოსვლამდე ვიცოდი, რომ მხოლოდ 2 წლის წინ დაიწყეს უცხო ენის სწავლა და რომ ამ პერიოდში რამდენიმე მასწავლებელი გამოიცვალეს- პირობებს ვერ უძლებდნენ და შუა სასწავლო პროცესიდან გარბოდნენ მასწავლებლები.

დილით 9ზე შევედი მერვე კლასში. 2 მოსწავლეა. შემდეგ მეათეში- აქ 6 მოსწავლეა, მეშვიდე კლასში 4 მოსწავლე. მასწავლებლებიც და მოსწავლეებიც სკეპტიკურად მიყურებდნენ- „რამდენ ხანს რჩებით?“ „როდის მიდიხართ, მას?“ „ხომ არ წახვალთ ხვალ, მას?“. ...ძალიან გავბრაზდი. ჯერ იმ წიგნებზე, რომლითაც ხელმძღვანელობდნენ; მერე იმ რვეულებზე, რომლებიც სიტყვებით აქვთ გატენილი და რეალურად არ უსწავლებიათ; მერე კიდევ იმ ადამიანობაზე, რომელიც ამ რეგიონში ბავშვების განათლების ბედს ასე იოლად დაიკიდებს ფეხებზე და შუა გზაში იტყვის- მე მივდივარ! და წავა. ...და ბოლოს ჩემ თავზე, რომ ჯერ კიდევ გეგმაში მაქვს ამერიკაში დაბრუნება.  

(გაგრძელება შემდეგ პოსტებში)

1 comment:

Anonymous said...

ძალიან კარგი ბლოგია, მომეწონა და ხშირად ვესტუმრები თუ ინფორმაციას განაახლებთ ხოლმე onlain sesxebi