Friday, May 24, 2013

23.05.2013, ბარისახო

 არანაირი წიგნების, რვეულების და კალმების დანახვა არ მინდოდა და მეათე კლასი ეზოში ჩავიყვანე. მინდორზე დავსხედით და თამაში დავიწყეთ. ამ თამაშს ერთი წესი აქვს - რაც გინდა შეგიძლია ყველაფერი თქვა, ოღონდ ერთი სიტყვა არ ესმის მასწავლებელს ქართულად. ზარის დარეკვა ვერ გავიგეთ. 2 წუთში მეორე კლასელები შემოგვიერთდნენ თამაშში, შემდეგ მეექსვე, მეცხრე... 20მდე ბავშვი მოგროვდა. პატარებს ყველაზე მეტი ჰქონდათ სათქმელი. შემდეგ ინტერნატში ზარი დარეკეს- სადილის დრო ჰქონდათ და ბავშვებიც წავიდნენ. ჩემი "სამუშაო" დღე ეგრე დამთავრდა.

მუსიკის ოთახში ავედი. შუქიამ კედლებზე გაკრული ნახატები მანახა. ვეფხისტყაოსნის ილუსტრაციები გაუკეთებიათ მოსწავლეებს რამდენიმე თვის წინ. კანზე პატარა ხანჯლები მაყრიდა სურათაბის ნახვისას. ...უსაზღვრო ნიჭს ატარებს ხევსური ხალხი.
ეს ჩემი ფავორიტია. 10 წლის ნოდარმა დახატა შოთა რუსთაველი.
"- თავზე რა აქვს?
 - ფიქრობს, მას!"

სკოლის საქმეებს რომ მოვრჩით, შუქიამ მითხრა მამიდაჩემთან წავიდეთო, ლიქოკის ჭალაში. გზაში მომავალ გეგმებზე და პროექტებზე ვლაპარაკობდით. ძალიან კარგი იდეები გვაქვს, ცოტა გული გვწყდება, რომ უფრო მეტ აქტიურობას ვერ ვხდავთ ვისგანაც საჭიროა. ცოტა ხანში მივედით. რა თქმა უნდა სუფრა გაშალეს. ალბათ შუქიამ წინასწარ გააფრთხილა- სოფო ხორცს არ ჭამსო და საჩემო საჭმელები ჰქონდათ გამზადებული. ცოტა შემრცხვა. მაგრამ მასპინძლებს ერთი წამითაც არ გაუმახვილებიათ ამ "უცნაურობაზე" ყურადღება. ...ასე გემრიელად სხვა რეგიონებში არსად მიჭამია.

მამიდა მზექალი ალბათ 75 წლის იქნება, ხევსურულად ლაპარაკობს. მისვლამდე ბავშვებმა მოატყუეს- ამ გოგოს ქართული არ ესმის და მისალმებისას "ჰელოუ" უთხარიო. მზექალს რცხვენოდა, როგორ დაველაპარაკოო. ...ჩახუტება და ძაან მოჭყლეტა მინდოდა ...მზექალის და ეშმაკი ბავშვებისაც.
არყით დავილოცეთ. ბურნითიც შევიყარეთ ცხვირის ნესტოებში. (უცნაურია, ბურნითს კაცები არ იყრიან, ქალებს დააქვთ ხოლმე ჯიბით. ადრე თურმე ხევსური ქალები თამბაქოსაც ეწეოდნენ და ეს ჩვეულებრივი ამბავი იყო, დღევანდელისგან განსხვავებით).  მზექალს ძალიან გული სწყდება დღევანდელ ხევსურებზე- "სად იყო ადრე მთავრობა, ცხვარში წასული თუ გავიგებდით მოხელეების სახელს და გვარს. მხოლოდ ჩვენს შრომაზე ვიყავ დამოკიდებული. ახლა კიდევ ვზივართ და - ამას რატომ არ აკეთებს, იმას რატომ არ აკეთებს?! დააცადე კაცო, რამდენი ქნას? შენ რატომ არ შრომობ?" ისევ ის პატარა ხანჯლები მაყრიდა კანზე მზექალს რომ ვუსმენდი.

შემდეგ მომიბრუნდა და მეკითხება:
"ქმარ-შვილ გყავნ?
- ...არა მეთქი და უხერხულად გავუღიმე.
- გასთხოვდ და გეყოლების". ორივეს ძაან გაგვეცინა.

კვირას სოფელში მიდიან, ძროხები მიჰყავთ, კარტოფილიც უნდა დათესონ.აღარავინ ცხოვრობს იმ სოფელში თურმე, ზაფხულობით თუ აიყვანს ნახირს 2 კაცი. ორშაბათს მე და შუქოც ავალთ და მივეხმარებით.

(გაგრძელება და ფოტოები შემდეგ პოსტებში)

1 comment:

Katiee.Ge said...

მაგარია :) ველი გაგრძელებას :)