Wednesday, September 26, 2012

ჩვენი დროის ეროვნული ოვერდოზა

წუხელ,
იმ დოზის შემდეგ
მე სხეულზე კონტროლი დავკარგე, გონებას თეთრი ნისლი გადაეკრა
და გავხდი რიგითი ჯარისქალი.

წუხელ,
მე უხილავმა ძალამ ჩამირეცხა 26 წლის ნაგროვები საკუთარი, საღი აზრები
და მათი ადგილი შემივსო საუკუნეების განმავლობაში მომხდარი ბოროტების სცენებით, ...ადამიანების მიერ ადამიანების მიმართ ნაკეთები ბოროტების. და ნისლ გადაკრული გონება შოკურ რეჟიმში გადაიყვანა, თითქოს იმ საუკუნეების შემდეგ პირველად მანახა შუქი.

და წუხელ,
მე უხილავი ძალის სუბიექტური მიზნებისთვის გავხდი სხეული და მზად ვიყავი საუკუნოვანი უსამართლობებისთვის მოწინააღმდეგე აზრი, ან საერთოდ, აზრი მომეკლა.
გარეთ გავედი და ჩემნაირმა სხვა ათასობით ანტი რელიგიურ/პოლიტიკური სხეულების დანახვამ ძალა მომცა.

წუხელ,
წამით თვალების გახელა ვცადე (უხილავი ძალის დასანახად), მაგრამ დანაშაულად ჩამითვლიდნენ
და ისევ მასას მივყევი.

რადგან წუხელ მე ვიყავი ჯარისქალი და კუნთებით ვასრულებდი (უხილავი) ძალით დაკისრებულ მოვალეობას. შეჩერების უფლებას ბოროტების სცენები არ მომცემდნენ, რომლებიც სპირალივით მეხვეოდნენ მოგრძო ტვინზე და ქუთუთოების ქვეშ წამის მეასედებში მოკლული-ნაწამები ადამიანების სახეებს ანახლებდნენ.

 ...წუხელ არ გათენებულა.

No comments: