Thursday, October 18, 2012

ასო


"ანი, მომე ბანი და განდონი ჩემზე იყოს"- შეჰღაღადებს წინადაცვეთილი ყმაწვილი ქალის სხეულს და ასო ანიდან ჰაემდე ეწელება.

ანის განდონს შინ ჩინ ურჩევნია, სანი-ტარიულია და ამიტომ ყმაწვილს ისღა დარჩენია ძილ წილ დაანძრიოს.

და რა იცოდნენ ყმაწვილებმა, რომ ანი ბანს მხოლოდ ჟან-რაეს აძლევს! ან იცოდნენ, მაგრამ ანის უკან მაინც ასოების რიგში დგანან, ხან-ჯალით ეყოფიან ერთმანეთს და საუკუნეებს ითვლიან მის ტან-თან ალიტერაციამდე.




Wednesday, September 26, 2012

ჩვენი დროის ეროვნული ოვერდოზა

წუხელ,
იმ დოზის შემდეგ
მე სხეულზე კონტროლი დავკარგე, გონებას თეთრი ნისლი გადაეკრა
და გავხდი რიგითი ჯარისქალი.

წუხელ,
მე უხილავმა ძალამ ჩამირეცხა 26 წლის ნაგროვები საკუთარი, საღი აზრები
და მათი ადგილი შემივსო საუკუნეების განმავლობაში მომხდარი ბოროტების სცენებით, ...ადამიანების მიერ ადამიანების მიმართ ნაკეთები ბოროტების. და ნისლ გადაკრული გონება შოკურ რეჟიმში გადაიყვანა, თითქოს იმ საუკუნეების შემდეგ პირველად მანახა შუქი.

და წუხელ,
მე უხილავი ძალის სუბიექტური მიზნებისთვის გავხდი სხეული და მზად ვიყავი საუკუნოვანი უსამართლობებისთვის მოწინააღმდეგე აზრი, ან საერთოდ, აზრი მომეკლა.
გარეთ გავედი და ჩემნაირმა სხვა ათასობით ანტი რელიგიურ/პოლიტიკური სხეულების დანახვამ ძალა მომცა.

წუხელ,
წამით თვალების გახელა ვცადე (უხილავი ძალის დასანახად), მაგრამ დანაშაულად ჩამითვლიდნენ
და ისევ მასას მივყევი.

რადგან წუხელ მე ვიყავი ჯარისქალი და კუნთებით ვასრულებდი (უხილავი) ძალით დაკისრებულ მოვალეობას. შეჩერების უფლებას ბოროტების სცენები არ მომცემდნენ, რომლებიც სპირალივით მეხვეოდნენ მოგრძო ტვინზე და ქუთუთოების ქვეშ წამის მეასედებში მოკლული-ნაწამები ადამიანების სახეებს ანახლებდნენ.

 ...წუხელ არ გათენებულა.

Monday, September 17, 2012

Фёдор, родной мой!

"[я]Сам себе приключения выдумывал и жизнь сочинял, чтоб хоть как-нибудь да пожить. Сколько раз мне случалось — ну, хоть, например, обижаться, так, не из-за чего, нарочно; и ведь сам знаешь, бывало, что не из-за чего обиделся, напустил на себя, но до того себя доведешь, что под конец, право, и в самом деле обидишься. Меня как-то всю жизнь тянуло такие штуки выкидывать, так что уж я стал под конец и в себе не властен. Другой раз влюбиться насильно захотел, даже два раза. Страдал ведь, господа, уверяю вас. В глубине-то души не верится, что страдаешь, насмешка шевелится, а все-таки страдаю, да еще настоящим, заправским образом; ревную, из себя выхожу... И все от скуки, господа, все от скуки."


Monday, July 09, 2012

სტატისტიკურ ფიზიოლოგიას

 მხრებზე ჩამოყრილ წაბლისფერ თმებში მარჯვენა ხელი შევუცურე, მუშტში მოვაქციე და მსუბუქად მოვქაჩე. ზურგზე დავაჯექი, მარცხენა ხელით ტუჩებზე შევეხე, სახე ყურთან მივუტანე და აჩქარებული, წითელი სუნთქვებით დავუორთქლე. მუცლის არედან ნეონის ბურთად დაიხვა, მოგრძო ტვინი გაიარა და ტუჩებიდან და ცხვირიდან ერთდოულად გამოხეთქა კვნესამ. ხერხემალზე ნარინჯისფერმა ეკლებმა ამოაყარა. ტუჩებიდან გაშვებული ხელით დავუყევი ეკლების ზოლს და უნებლიედ თეძოებზე და მუცელზე გავამრავლე. მუცელში ისევ ნეონის ბურთები ეხვეოდნენ. დახუჭული თვალებით და თითის წვერით ვეცადე შევხებოდი, უბრალოდ შევხებოდი, მაგრამ ხვევის ენერგიამ მთლიანად შემითრია და წამის მეასედში მის კლიტორზე გადააგდო თითები. მარცხენა ძუძუდან ვერცხლის წყლის სითხე ჩამომეღვარა და გზაში ბურთულებად გახლეჩილებმა მის ხერხემლის ზოლში დაიწყეს შეგროვება. ტერფებზე ხელები მომიჭირა, ნეკნების კარი გაეღო და ჩასუნთქული, იასამნისფერი ჰაერის მასით ჩემი სახელი ამომასუნთქა- ...ალექსა!

- "ალექსა! ალექსა! - დროა უკვე! მოვემზადოთ უნდა" - ტერფზე ხელის თათუნით მაღვიძებს ქმარი. "ბავშვს აჭამო, დროა და გავდივართ მერე". თვალები გავახილე. მარცხენა მხარეს სისველე ვიგრძენი. ...ჯანდაბა, რძეს გამოუჟონავს. ჰო, მართლა ჭამის დროა. დედობის დროა. ცოლობის დროა. სტუმრად წასვლის დროა. როლების დროა...


გზად, მანქანის მარჯვენა მხრიდან გავქცეროდი მოძრაობას და მეღიმებოდა-  ჩემი სინამდვილე პატარა ნეონის ბურთად შეკრულიყო ჭიპთან და ტრიალებდა.

Monday, June 04, 2012

"Птица зари"

Птица зари (Bird of a dawn) 09.09.2008

მე შემიყვარდა კომპიუტერული ვირუსი, რომელმაც ლიბიდო გამიცოცხლა.
და თითქმის ყოველ დღე სექსი მაქვს ჩემივე უცხოვრები ნარჩენების პროექციასთან.
უცხოვრები ნარჩენების, რომლებსაც ნაცხოვრებმა ყოველდღიურობებმა აბორტები გაუკეთეს ჩანასახშივე.
და ახლა, შემთხვევით შემოღწულ ვირუსს საშვილოსნოს ყელით ვიკრავ.

გენიალურია.

Monday, May 21, 2012

შიშის კვირეულს

ძაან კეთილი ხალხი ცხოვრობს პლანეტა დედამიწაზე-  ემპათიით აღვსილნი, დედამიწური კეთილდღეობის მოწინააღმდეგენი მაგრამ სამოთხის დამპროექტებელნი.


ცუდი ხალხიც ცხოვრობს დედამიწაზე. ეგენი უმცირესობებია- დედამიწური კეთილდღეობის მომხრენი და გამომდინარე აქედან ამორალურნი, საკუთარი ნების ამღიარებელნი და სხვისი ნების პატივისმცემელნი მაგრამ სამოთხე-ჯოჯოხეთური დაპირისპირების არ მოშიშენი.


კარგი ხალხი უთოსავით არი- გამოგონილია იმისთვის, რომ გაცხელდეს და გაასწოროს ბუნებრივად გაჩენილი ნაკეცები (უსწორების მასწორებელი), რომ მასაში გარეული მის ესთეტიკას არ არღვევდე. მასში გაურეველს კი კისერიც გიტეხია.


კარგი ხალხის გაუცნობიერებელი მიზანი გამრავლებაა. ან როგორ არ უნდა იყოს- ეჯაკულაციის დროს მოკვდავი სპერმების ნაცვლად მირიან მეფეებს, შუშანიკებს, რუსთაველებს, ანუ სამოთხისეული ცხოვრების სახელმძღვანელოებს ასხამს.


რა გასაკვირია, რომ ასეთი სახელმძღვანელოებით ნაკვებ თაობებს ცუდ ხალხზე გული შესტკივა; რომ აგრესიაშიც გადასდით ცუდი ხალხის არატრადიციული სექსუალური ორიენტაცია, მათი აბორტების კეთება, მათი მარიხუანას თრიფებით ნაწერი ფოლკი. ცუდი ხალხის სიმშვიდე და თავისუფლებისთვის სიცოცხლე იმდენად მიუღებელია, რომ კარგ ხალხს მათი მოკვლაც შეუძლია.  ...არა, მთლად ასეც არ არის. იმდენად, რამდენადაც მხოლოდ წინა მხარეს შეღებილ ფასადებთან არ გამოვა ცუდი ხალხი და კარგ ხალხში შერევას არ ეცდება, შეუძლიათ იცოცხლონ; ...თავისთვის, ჩუმად.


მე კიდევ, როგორც გამვლელს, მიკვირს- როგორ გაჩნდა დედამიწაზე ეს ცუდი ხალხი? ამ ტოტალური კონტროლის და შიშის ქვეშ ცხოვრების რომელ ეტაპზე დაკარგა შიშის გრძნობა, გამოვიდა გარეთ და გადაწყვიტა, რომ ბედნიერება კარგია?!

Wednesday, May 02, 2012

მე ვარ სოფიკო და ვერ ვებრძვი სიმსივნეს

მე ვარ აზიელი სოფიკო და ვცხოვრობ ამერიკაში. ვეწევი პაპიროსს და კაი ცხოვრების პროპაგანდას. ...მარიჰუანასაც ვეწევი, "ტკივილგამაყუჩებელ"შიცაც ვარ შიგა და შიგ.

იმ ჩემ "ევროპის ქვეყნებს შორის ყველაზე მაგარ" აზიაში მანანას* მიკლავენ. ...მკერდის სიმსივნით. მკერდის სიმსივნით როგორ გიკლავენო- შემეკითხებიან პატრიოტი აზიელები.  მეც მიკვირს. მკერდის სიმსივნით როგორ უნდა მომიკლან ვინმე, როცა ამ დაავადების წინააღმდეგ შენთან ერთად საბრძოლველად მტრებიც შემოგიერთდებიან ...მარა აზიის "საზღვარგარეთში" ხდება ეგ თურმე მარტო, რაღა თქმა უნდა. აზიაში კიდევ აზიის ლიდერი უწყვეტს მანანას გაიკეთებს თუ არა, სულ მცირე, ოპერაციას. აგერ გადაუწყვიტა კიდევაც გუშინ წინ, ოპოზიციონერი ხარო. რა ბრძანებაა ბატონოო, მანანამ, შენ ზევითა ხარ, მე ქვევით, ან ოპოზიციონერობა რას ნიშნავს ან ჩემი დილის ლოცვის რიტუალი ამ შემთხვევაშიო, - და მარჯვენა ძუძუდან წასული მეტასტაზები ხელით დაიჭირა.

მე კიდევ აზიელი სოფიკო ვარ; მანანას აქედან ვესტერნ იუნიონით დახმარების გამო რუსის სუკაც მიწოდეს ერთხელ. თუ ვერ გაიგე რატომ, არა უშავს, სტერეოტიპია ეგეთი. მაგას ხო მარტო მე ვერ შევცვლი?! ვერა! ჰოდა კიდე კაი ხანი არ დავანებებ მოწევას და წამლების ყლაპვას თავს.







*მანანა- ჩემი მეორე დედა, ჩემ უახლოეს მეგობარ ხათოზე მაგარი მეგობარი, საშინლად განათლებული და უაზროდ ლამაზი ქალი. არ აქვს ძვირფასი სამკაულები გასაყიდად და  3 კვირის წინ აღმოჩენილი სურპრიზის სასწრაფოდ ძუძუდან ამოსაჭრელად. ვერ იტანს ხათოს სველი თმებით გარეთ გასვლას და ჩემ მოკლე, "გოიმურ" შორტებს. მეუბნება, რომ ყველაფერი კარგად იქნება და დავეტიო აქ, სადაც ვარ. 

Sunday, April 08, 2012

უბრალო fuckტები

ქვემოთ ნახსენებ სა(თამა)შოს ერთ ღილაკიანი ჯოისტიკი აქვს- ოცნებების და ფანტაზიების ჩამრთველ-გამომრთველი, რომელიც ასევე აკონტროლებს ამ ფანტაზიების სლაიდებს ქუთუთოების მონიტორზე.

ჩემი ორი წარბი ერთმანეთისკენ დაგეშილი სპერმებივით მიიკლაკნება.

განვითარებადი ქვეყნების დისტროფიკი გოგოები მათთვის ხელსაყრელი კუთხიდან გადაღებულ ფოტოებს/ვიდეოებს აცმევენ ანკესზე და უშვებენ ფეისბუკის ტყლაპოში. დაჭერილ თავკომბალებს (იშვიათ შემთხვევაში ღლავებს) ხსნიან და "ლაიკებად" ახმობენ ბუხრის თავზე. ...სჭირდებათ, აბა სარკეს მტვერი ადევს, სარკე არ სწყალობთ.

იგივე ქვეყნების ელიტარული მსუქანი "ლუზერები" კიდევ ჰუმანიტარული დახმარებით ჩასულ კაცებს მიჰყვებიან ცოლად, აჩენენ 2-3 ბავშვს და თითს უქნევენ ქვეყანას. (ქვეყანაც მათ შენატრის!)

ჰუმანიტარული მისიის შემსრულებელ "ექსპერტებს" კი მარჯვენა ყურთან ხრახნიანი სახელური აქვთ და თითო გაცვლილ სიტყვაში, სახელურის ტრიალით, სიტყვების ნაცვლად დოლარები გადმოსდით ტუჩებიდან. რაღა თქმა უნდა მისიის ქვეყნებიდან წაღებული დოლარები "კეთილისმყოფელ" ქვეყნებში იხარჯება.

ყოველ ღამით სახლში დაბრუნებული, პროექტორთავა გოგო ვხდები და როგორც სავსე საშარდე ბუშტს, კედელზე ვცლი დღის ნაგავს.


( ციკლიდან ანიმაცია/კომიქსები)


Tuesday, March 20, 2012

ეს არ არის ბლოგი

ვერც ვერასოდეს ვიქნებოდი ბლოგერი.
გუშინ გადავხედე პოსტებს და თითქმის ყველა პოსტი სუიციდური წერილია, ჰორმონებით მართული.
მე რომ მკითხოთ, ცუდი არ არის. მირჩევნია რამდენიმე მოაზროვნე ადამიანმა დამაფასოს (თუნდაც ჩემი "მოღვაწეობის" შემდეგ), ვიდრე ზომბების ფარა მეხვიოს გარს და მათ საზოგადოებაში თავის მოსაწონებლად ვირჯებოდე.
ეს პოსტიც რომ რეალურად სუიციდური წერილი იყოს, მე როგორც ავტორს, 2 რამეზე დამწყდებოდა გული:
1. ჩემი მშობლები აღმოაჩენენ აქაურობას. და გული დამწყდებოდა, რომ ასეთ შვილს არ იცნობდნენ. მართალია 16 წლიდან სულ წასული ვარ, ვმოგზაურობ სივრცეში, კულტურებში და ადამიანებში, წელიწადში ალბათ ორჯერ ვნახულობ დედას და მამას, მაგრამ აქ აღმოჩენილ სურპრიზებს მაინც არ ამართლებს 10 წლიანი არ ყოფნა.
2. არანაირი ჩანაწერები არ არსებობს ჩემი მოგზაურობების.

თუ ოდესმე ბლოგის ავტორი ვიქნები, მე აუცილებლად მოვყვები ჩემს მოგზაურობებზე, რომლის მიზეზებიც ფოტოების გადაღება, ტურისტული სანახაობების შემოვლა და დაბრუნების შემდეგ სოციალურ ქსელებში აწეული რეიტინგი არასოდეს ყოფილა.

მაგრამ მანამდე, this is not a pipe.


Friday, February 17, 2012

ამბავი იმისა, თუ როგორ იხსნა ბეტმენის ძმაკაცმა დედამიწა

ტკივილი არი ზომბირების ძალიან ძლიერი ფუნდამენტი. ისევე როგორც ოცნებები; ისევე როგორც ნაყინი ანგინიანი ბავშვისთვის- სიზმარშიც რომ საშინლად უნდა და მეტზე რომ ვერაფერზე ფიქრობს. მაგრამ ტკივილისგან განსხვავებით ოცნების და სურვილის უგულებელყოფას სწავლობ, ან ხდები ბუდისტი.

5 დღის განმავლობაში დამამონა კბილის ტკივილმა: პირველი 2 დღე აბუჩად ვიგდე, გაძლებას და ვეიდერის ძალებს ვტესტავდი ჩემში, მესამე დღეს პანიკის ნიშნები დამეტყო, ბოლო 2 დღე კიდევ რაციონალურად აზროვნების უნარი წამერთვა და იარაღი რომ მქონოდა (რაც, სადაც ვცხოვრობ სავსებით ლეგალურია) ფეხით მივიდოდი შაბათ კვირას დაკეტილ კლინიკებში და რამდენიმეოდე ტყვიას დავახლიდი კარზე. ასევე გულუხვი ვიქნებოდი სუპების მწარმოებელი კომპანიების მიმართ- საშინელი ტალახი რომ მასვეს ამ ხნის განმავლობაში (ღეჭვა არ შემეძლო), სადაზღვევო სისტემის მიმართ- უთვალავი დოლარები რომ სჭირდება დაუზღვევლად და საშინლად ბიუროკრატიული პროცესი როა დაზღვევით, და საერთოდ, მთლიანად სამყაროს მიმართ- ასეთ ტანჯვაში მყოფ ადამიანებს რომ პაციენტებს უწოდებენ და შემოსავლის წყაროები რომ ზუსტად ეს პაციენტები არიან.

 "ბლეკაუტი" დაემართა ტვინის იმ ნაწილებს, რომელიც ამ ტკივილთან და მის აღმოსაფხვრელ გზებთან არ იყო დაკავშირებული. ყველანაირ ახალ ინფორმაციას ვაკავშირებდი ტკივილთან, ყველანაირ წესრიგის თეორიაში ვხედავდი უდიდეს უსამართლობას, გარშემო ყველაფერი მეგონა ყალბი, რადგან არც ერთი მათგანი არ მიმსუბუქებდა ტკივილს.

ატლასს ვგავდი ის დღეები, ყბა გასიებულ, გაბოროტებულ პატარა ატლასს, რომელსაც იმ საშინელი ტკივილის გამო შეეძლო დედამიწა აეღო, აესროლა და იმ დედამიწით შეელეწა ღმერთების სარკმლები.

1 საათი გაგრძელდა ოპერაცია. ექიმმაც ზუსტად ეგ სცენარი დაინახა მგონი, თვალებში რომ ჩამხედა. მშვენივრად იცოდა ტკივილით მართვის თეორიის შესახებ და იფიქრა, მოდიო, ეს გოგონა არ იყოს რიგითი ჯარისქალი სისტემის წინააღმდეგო; თან ამერიკაში არ გვაწყობს ეგეთი სკანდალები- ანერვიულდებიან ბეტმენები და სუპერმენებიო.

და გამომიწერა ნარკატა. ...მსუბუქი ნარკატა. და დაუბრუნდნენ დედამიწას ნავთობის ჭაბურღილები, ავტომობილების მწარმოებელი კომპანიები, გენ. ლაბორატორიები, სამხედრო ძალები.  მე კიდევ ღრძილზე ნაკერებიანი, ტუჩზე სისხლ შემხმარი ვიჯექი სახლის შესასვლელ კართან და (ალბათ რამდენიმე საათით) ვუღიმოდი ჩემს ფეხებ ქვეშ თოვლის დნობას.


Thursday, January 05, 2012

NyQuil

წუხელ
იმ ერთი აბის მიღების შემდეგ
მე გავუხიე დედას საშო და ვიშვი,
საბჭოეთში,
ჩემი ნების გარეშე.

წუხელ
მე ვიყავი ამირანი, ნარკო დილერის მეგობარი,
ბაისეპებიანი, 6 კუბიკიანი, 2 დიპლომიანი და მაინც ეისიდით ენაზე.
iPad 2-ანი, ტოიოტა პრაიუსიანი, მაგრამ ჯაჭვიანი მონა
და ინსტრუქციებით
(კოდორის ქედზე)
ვჭიმავდი ნიკოფსიას დარუბანდამდე.

და ძალიან დაღლილს, წუხელვე
ბებომ თავისი მორფინის დოზა გამიყო
და ჩვენ ღმერთებს მოდის სიახლეებს ვაცნობდით,
წვერის გაპარსვას ვურჩევდით-
ხილვების დროს უფრო ესთეტიკურიაო, ბებომ.
სიმსივნის სევდიან სექსუალურობასზე ვყვებოდით,
(რომ ბებოს ერთი ძუძუც კი ბევრი ქალის 2ს ჯობდა)
და გვეცოდებოდა ქალები,
კაცებიც.

წუხელ მე სარკეში პირველად დავინახე საკუთარი ტანი და დღეს ვიცი, რომ ლამაზი ვარ.

The Berg Sans Nipple - Ghost


Tuesday, December 13, 2011

Praying undone
















ციკლიდან: (f)Art, ანუ არაფხიზელი ზმანებები, ანუ იუდა, მიშველე!

Sunday, December 11, 2011

ხელოვნება (იგივე ხელოვნურობა, იგივე (f)Art) ერთად ერთი გამართლებაა ფხიზელი ყოფნის. 21 საუკუნის უბრალო მოქალაქეებმაც უკვე გაიგეს ამის შესახებ და ელემენტარული დიალოგის დროსაც ხელოვნებასთან გაქვს საქმე.

სულ სხვა საქმეა არაფხიზელი მდგომარეობა, თრიფები ღმერთებზე და კურდღლების ხელმძღვანელობა ლაბირინთებში, სიზმრები წარსულ ცხოვრებაზე და შიზოფრენიული ხილვები მომავალზე, ფრიგიდული ფანტაზიები და ფოტოშოპის უნიჭო გამოყენება.

ჩემი მინიმალისტური ხელოვნება და დღის ობსერვაცია: ალისა ჩემი ძმაკაცია.






Monday, May 30, 2011

ეს საქართველოა, ანუ რევოლუციები და ნახევრად რევოლუციები ჩემს გარეშე

2011 წლის მაისის დემონსტრაციებმა თბილისში ბევრ ბლოგერს გაუხსნა მუზა. ჩემთვის განსაკუთრებულად რთულია ამ თემაზე რამის წერა ახლა, როცა ასე შორს ვარ თბილისიდან. მაგრამ მაინც…
2003 წელს რომ რევოლუცია მოხდა, ამერიკაში ვიყავი და CNN-ით ვუყურებდი მომხდარ ამბებს. 1 წლის შემდეგ თბილისში მიმავალს იმედი მქონდა უკეთეს საქართველოში დაბრუნების. დაბრუნებიდან 1 კვირაში საშინელი დეპრესია დამეწყო. მეზიზღებოდა უნივერსიტეტის დაცვა, რომელიც რატომღაც ფოიეში ძირს დაჯდომას მიკრძალავდა; სმუქანი ქალი ავტობუსში, არც რომ შემომხედავდა და ისე მადებდა სქელ, სუნიან უკანალს თავზე; დეპრესიული საკანცელარიო ნივთების გამყიდველი, რომელიც ყურადრებას არასდროს აქცევდა კლიენტებს და ვერ ხვდებოდა მადლობას რატომ უხდიდი ბოლოს; საბჭოთა წიგნები ბიბლიოთეკაში; გაბღენძილი ლექტორები- “ჩვენ უკვე დემოკრატიაში ვცხოვრობთ- სტუდენტმა თვითონ უნდა მოინდომოს” მიდგომებით. ყველაზე მეტად მთრგუნევდა ჩემი მეგობრების დამოკიდებულება. არავის მოსწონდა ირგვლივ რაც ხდებოდა, ყველა ფიქრობდა რომ ნეხვში ვცხოვრობთ და ერთად ერთი რასაც აკეთებდნენ ამაზე მხოლოდ წუწუნი იყო. ხშირად დამცინოდნენ კიდევაც იმის გამო, რომ რევოლუციას რბილ სავარძელში მოკალათებული ვუყურებდი შორიდან და სათანადოდ ვერ ვაფასებდი სიტუაციებს. თითქმის ყოველთვის დიდ კედელს აღმართავნდნენ ხოლმე სიტყვებით “ახლა საქართველოში ხარ. ეს საქართველოა”. “ეს საქართველოა” იქცა ცხოვრების სტილად, “ეს საქართველოა”-ს გამო გაჩდნენ გოიმები, რბილი “ლ”-ები; მოემატა ძალა უფლება სამთავრობო უწყებებს; საშემოსავლო გადასახადი 20%-ს აღწევს და გადამხდელს პირებს არანაირი როლი არა აქვთ მის დახარჯვაში; არ არსებობს სიტყვის თავისუფლების, ინფორმაციის გამჭვირვალობის, სამოქალაქო როლის სწორი დეფინიციები; გაჩნდა სოციალური მედია, რომელიც wordpress, blogger, facebook-ის ჰელპ დესკია მხოლოდ ან უკეთეს შემთვევაში “გაქაჩვის” გზა. სამსახურს ნაცნობ-ნათესავების გარეშე ვერ იწყებ, ან თუ იწყებ უნდა დაუნაცნობ-დაუნათესავდე თანამშრომლებს, სხვა გვარად ცუდად მუშაობ. ამ ყველაფერს ხედავ, გაწუხებს, მაგრამ ვერაფერს აკეთებ, იმიტომ, რომ “ეს საქართველოა”.
25-26 მაისის პროტესტებიც “ეს საქართველოა”-ს ერთგვარი გავრცობაა. ქუჩაში გამოჰყავთ ათასობით ადამიანი- ამ ქვეყანაში არსებული სიტუაციის მიმართ პროტესტის სხვა გზა არ ჭრისო (ან არ ვიცითო), “ეს საქართველოაო”. ისე დაემთხვა, რომ ახლაც ამერიკაში ვარ და მეტ-ნაკლებად ობიექტური მედიის საშუალებით ვადევნებ თვალ-ყურს თბილისის ამბებს. თუმცა ამჯერად თავს დამნაშავედ არ ვგრძნობ. გულახდილად რომ ვთქვა, არც მაშინ გავიდოდი გარეთ და დაგროვებულ პროტესტის გრძნობას ქუჩაში ყვირლით არ გამოვხატავდი. მე არ მჯერა 1 დღეში აშენებული დემოკრატიის ან გაზრდილი სამუშაო ადგილების ან ბრახ! ვუალა! “social policy” გაჩნდა უცებ. არც იმის სისწორის მჯერა, გადმონაშთ მენტალიტეტებს რომ ტანკებით იშორებენ თავიდან და 2 დღის შემდეგ “პოულობენ” გვამებს. მაგრამ ვიცი, ამაზე ქუჩაში ყვირილი, (როგორც უკვე ამდენჯერ ვნახეთ) ტანკებს უკან არ დააბრუნებს და სანატრელ ქვეყანაში მეორე დღეს არ გაგვაღვიძებს. სჯობს ერთი სანთელი დაანთო, ვიდრე განუწყვეტლივ აძაგებდე ბნელსო, კონფუცმა თქვა, თუ არ ვცდები. ვარდების რევოლუციის შემდეგ, ირგვლივ სიტუაციის მიმართ ზიზღმა და გაჩენილმა პროტესტის გრძნობებმა ფანატიკოსად მაქცია მგონი. ისეთ ორგანიზაციებში ვიწყებდი სამსახურები, რომლებსაც ამ პროტესტებით გატენილი გონებით ვემხრობოდი და რაღაც დოზით გზა იყო გამოხატვის (არა, სამსახური არასოდეს ყოფილა შემოსავლის წყაროსთვის ჩემი დროის დახარჯვა. იმედი მაქვს არც არასოდეს იქნება).  რამდენიმე წელი მივუძღვენი ძნელად მისადგომი სოფლების, დევნილი მოსახლეობის, რეგიონებში მცირე ბიზნესის მფლობელების, არ არსებული საჯარო ინფორმაციის  შექმნის პრობლემა-პერსპექტივების გარეთ გამოტანას. ზოგი გამოვიდა, ზოგი ვერ. ძალიან ბევრი ამ დახარჯულ წლებზეც სკეპტიკურად მელაპარაკება და ქუჩაში გამოხატული ერთჯერადი პროტესტი უფრო ადეკვატური მიაჩნია. ბევრი დაბრმავებულია მასიური სისხლიანი ვიდეო/ფოტოებით, რომლებსაც გამოზოგილი დოზებით ავრცელებს ქართული მედია, და ზიზღი ისევ “ეს საქართველოა”ში აბრუნებს. მათ როცა რამე არ მოსწონთ, არ ჩუმდებიან. ჩვენ კიდევ, ფანატიკოსები, როცა რამე არ მოგვწონს, ვჩუმდებით და ვცდილობთ ვაკეთოთ- მერე რა რომ საქართველოა.

Friday, March 25, 2011

ის ვიღაც ქალის და კაცის შვილია, ბავშვობაში ერთი, ვიღაც ქალის და კაცის შვილი უყვარდა, ვიღაც ქალის და კაცის შვილებთან ერთად თამაშობდა, სწავლობდა, ტრადიციებისამებრ ერთობოდა. ...ტრადიციებისამებრ, "მთვარეული" დაარქვეს (ასეთ დიაგნოზებს ალბათ მუცლის ღრუს ხელით გასინჯვით ადგენენ), შესაბამისად ფსიქიატრიულში მიყავს ტრადიციულ ვიღაც ქალს და კაცს, ცრემლიანი ემშვიდობება, მათი შვილი ხომ ყველას არ გაქვს, რატომ დასაჯა ღმერთმა ასე?! თუმცა გული მშვიდად აქვთ, აქ მისთვის უკეთესია.

ვიღაც ქალის და კაცის შვილის დიაგნოზი აქ სულ არ აინტერესებთ. ის გიჟია. დიდად არც იმას აქვს მნიშვნელობა, რა ტემპერატურა იქნება მის ოთახში წელიწადის ამა თუ იმ დროს, არც იმას, კვირაში რამდენჯერ ჩაიცვამს სუფთა ტანსაცმელს ან დაწვება სუფთა საწოლში, ან საერთოდ თუ ექნება საწოლი, შენობიდან ხომ თითქმის არ გავა მაინც. ...არ გაუშვებენ. აქ ფიქრის საშუალებასაც არ მისცემენ, გიჟური აზრები აქვს, აფექტიც ექნება ალბათ აზრებს რომ აჰყვეს. სუპში ჩამბალ პურს აჭმევენ, ცივი შხაპი თუ უფრო არ აგიჟებს- ბანაობის საშუალებას აძლევენ, ჯადოსნურ აბს აყლაპებენ ყოველ დღე, რომ არავინ შეაწუხოს ზედმეტად და მოიბუზოს მისთვის განკუთვნილ ძალიან ძველ და ჭუჭყიან, მაგრამ საწოლში.

ხვალ დილით კორიდორში გავა. ვიღაც პატარა გოგო -ბიჭების ბაბუს გამოელაპარაკება და, თუ საშუალება მისცეს, ნარდსაც ეთამაშება. ვიღაც გოგო -ბიჭების ბაბუები, არავისი დედები და ბებოები, ნაპოლეონის მეგობრები და დამსახურებული არტისტები მისი მეგობრები არიან. მათი რეალობაც ერთ დღიანია, ჯადოსნურ აბამდე მოსწრებული რეალობა. ეს უბრალო ჯადოსნური აბი არ არის- ეს წამალი "მე გიჟი არა ვარ"-ის სისულელეში გარწმუნებს და უსხეულოს გხდის შენი ძალიან ძველი და ჭუჭყიანი, მაგრამ მაინც საწოლის მიმართ, გაყვარებს სუპში ჩამბალ პურს და შენს ჭერზე ალბათ საუკუნის წინ გაჩენილ დიდ ბზარს. ბზარიდან დანახული ცის ნაგლეჯი ათას სიზმარს დაასიზმრებს ამაღამ ვიღაც ქალის და კაცის შვილს, დილით ალბათ კედელზე გადმოტანაც მოუნდება რომელიმე მათგანის, მაგრამ არ შეიძლება. აქ მხოლოდ გისოსებს გამოქცეული მზის სხივი შეიძლება, შენნაირები შეიძლება და, რა თქმა უნდა, ჯადოსნური აბის მადლით მარგალიტებივით დაბერილი ძალიან ძველი და ჭუჭყიანი, მაგრამ მაინც საწოლები შეიძლება.

საუკუნის რეალობა: თბილისის ფსიქიატრიული კლინიკები.

Thursday, December 02, 2010

ერთ ჩემ ძველ პოსტს გამოეხმაურნენ ფორუმზე გუშინ. თავისუფლებაზე იყო თემა.

"ჩემთვის თავისუფლებაა როცა რიგში ვდგავარ და მსუქანი ქალი ჩემს უკან გვერდზე არ მწევს.
როცა რაღაცა ისეთი ვიყიდე, რომელსაც გარანტია მოყვა; მოვიტანე სახლში, არ იმუშავა და უკან წავიღე გამოსაცვლელად და გამომიცვალეს.
როცა ზებრა გადასასვლელზე გადარბენა არ მჭირდება და როცა მწვანეზე გადასვლისას მაინც ორივე მხარეს გახედვა არ მიწევს.
როცა სამუშაო საათებზე მეტს ვმუშაობ და შემოსავალი იმდენი მაქვს, რომ ბანკშიც ვინახავ და ყოველდღიურობისთვისაც მყოფნის.
როცა ფართიზე ვარ უცხო სასტავთან და რაღაც სარკასტულ-მწარე ხუმრობას ვიტყვი და იმ 2 ადამიანს გაეღიმება.
როცა ამერიკის საელჩო საქართველოში ასეთი პარანოიდი არ არი.
როცა მარტო ვცხოვრობ და ძმას და ძმის ცოლს და დედას და ქვისლებს და მაზლებს მაინც ჩემთან ცხოვრება არ უნდათ.
როცა მარგარიტას მიქსი გუდვილში ვიპოვე.
როცა სამსახურში, თანაბარ პირობებში ჩემზე მეტი პრივილეგიები "უცხოელ ექსპატებს" არ ეძლევათ.
როცა მალტაში 1 კვირაში მინდა ჩასვლა და ვიზას არ ველოდები 1 თვე. "

ექსპატებზე მოეწონათ ყველაზე მეტად. ვეთანხმები.
რომელ Fილდში უნდა ვიმუშავო ისე, რო ვინმე დურაკი ესქპატი არ მოვიდეს და რაღაც ბულშითზე ჭკუის სწავლება არ დამიწყოს? და რაც მთავარია, თვითონაც იცოდეს რო ბულშითია, იმდენად იცოდეს რო ლანჩზე თავის მეგობრებს მოუყვეს მსგავსი სახალისო ისტორიები. არადა ბოლო წლების განმავლობაში სულ ექსპატებთან ვმეგობრობდი სამამულო სირობისგან გულარეული. ძალიან ხშირად მიწევდა ხოლმე დამცირებების ხუმრობაში გატარება. ...კრიტიკა ბავშვობიდან მომწონდა და თავი გამიზნულად მიმყავდა ჩალენჯინ სიტუაციებში, მაგრამ, როცა კრიტიკა მოდის ისეთი სუბიექტისგან, რომელსაც მესამე მსოფლიოს ქვეყანაში ჩამოსვლის გამო თავი ღმერთი ჰქონია და საფუძველშივე დისრეგარდს უკეთებს ადგილობრივ სპეციფიკებს, მასწავლის როგორ ვიყო ლიდერი და ამავდროულად მართმევს ლიდერობის პოზიციას, დასცინის ადგილობრივ სირობას და ამავდროულად ყიდულობს მიწებს აქ დასამკვიდრებლად, ცოტა არ იყოს მეცინება და უფრო ცოტა არ იყოს ვითრგუნები. დრესაც ეგრე მოხდა. დიდი ხნის უნახავი მეგობრები შეიკრიბნენ და მივედი. ...1 საათში გული ამერია და წამოვედი. და ხვალაც, დილით გაღვიძება დამეზარება, იმირომ რომ იდეას ვერ დავინახავ რატომ უნდა წაივდე სამსახურში, მთავარი გმირები ყოვლისმცოდნე ექსპატები არიან მაინც, რომლებიც ადგილობრივი ხალხის "კაპასითი ბილდინგ" პროექტებისთვის გრანტებით ირჩენენ თავს.

მე ისევ მეცინება.

თვის სიტყვა : eleutheromaniac. ( dictionary for difficult words )


Monday, November 22, 2010

"იმ ხანაში, სადაც პენისებს ჭუჭულიკებს ეძახდნენ და სექსი არ არსებობდა, ტიპმა დიდი ზეგავლენა მოახდინა სტუდენტ გოგოებზე. არ ვიცი ეს სატანა იყო, თუ ძლიერი ფსიქოლოგი"- დაასკვნა დღეს ჩემი მეგობრის ოჯახმა.

...რა მაგარია იცოდე რომელი ვიტამინის ნაკლებობას განიცდის შენი თაობა, რომ ამ ვიტამინით მანიპულირება დაიწყო. ინფორმაციული დეპრივაციის იმპერიის ჰიპნოზით მოთვინიერება გენიალური იდეა იყო. ის ტიპი პენისისა და საშოს ფიზიოლოგიურ ჯადოსნობებზე გულახდილი საუბრებით აფსიხებდა კომბოსტოებიდან მოყვანილ ქალიშვილებს. ...უცებ უვლის სკანერი სტატისტიკას- რამდენი სამებისა და ქაშუეთის მრევლი გახდებოდა იგივე ჰიპნოზით "თვალახელილი" და "ჭეშმარიტებას ნაზიარები" დღეს, 2010 წლის 22 ნოემბერს?! გული მერევა და მინდა ვიყო ამ მრევლთაგანი, რომ ინფორმაციულ დეპრივაციაში ვიცხოვრო, რომ მეშინოდეს ყველა ჩემთვის აქამდე წაუკითხავ უნახავის, რომ ვიყო კეთილგულა, წარჩინებული რობოტი, რომელიც ყველის 3 სახეობას შეექცევა მხოლოდ- დანარჩენებში ქიმიაა, რომ გავხდე ღვთიური გენების ინკუბატორი და ჩემს ნაშობ, გარობოტებულ რაღაცეებსაც რომ ისევე ეშინოდეთ იმ ტიპების და ერს იცავდნენ მათგან.

brave new world!


Sunday, November 21, 2010

ძველ პოსტს ვაცოცხლებ.


Tuesday, February 26, 2008

უცხოპლანეტელის დღიურებიდან



სახელი: ევა
ასაკი: 29 მ. წ.
მისია: ადაპტაცია
გამოცდილება: არ არის მნიშვნელოვანი


მოვლენის შემდეგ აღიქმება როგორც ქალი. ამ როლს ითავისებს 5 წლის ასაკიდან. დანარჩენ სხვა როლებს გარემოებები განაპირობებს, ამიტომ ცვლადია.
სამეტყველო ენა არ გააჩნია, თუმცა საკუთარი ტვინის მუშაობას თარგმნის ქცევის ენაზე. განსაკუთრებული ფიზიკური ნაკვთები: ფართოდ გახელილი თვალები, სახელური მკერდებს შორის.
ემოციების განცდა და გამოვლენა არ შეუძლია, თუმცა ისწავლა აღტაცება, გაბრაზება, ცრემლის გამომუშავება.

პირველი დაბადება არ ახსოვს, მხოლოდ ის იცის, რომ მის პლანეტაზე დაბუშტული გულებია, უსიტყვო გრძნობებია თვალებიდან გადმოხეთქილი, ცები პულსირებენ.
აქ მოვლენის შემდეგ დიდი სიცარიელეა ორგანიზმში. ერთადერთი ვისთანაც საუბარი შეუძლია საკუთარი სხეულია, რომელსაც ლუპით დასდევს. ვერ ხვდება გარშემო არსებებს ასე სად ეჩქარებათ, არ ესმის თვალები რატომ არ უჩანთ, ან ხიდები რატომ არ აქვთ მკერდებს შორის მომავალი.
აქ დღეებია, ღამეებს ვერ იყენებენ.
აქ ერთმანეთს ადამიანებს უწოდებენ, ერთმანეთს კლასებით ჰყოფენ, ერთმანეთთან მიზნების გამო მიდიან, ერთმანეთისგან მიზნების გამო მიდიან, …და მუდან ეჩქარებათ.
აქ ცა ცისფერია, …არ პულსირებს. აქ მიწაა გადაშლილი, რომელზეც დადიან, …მხოლოდ დადიან, …მხოლოდ მიზნებამდე მიღწევისთვის დადიან, მიწა ეშორებათ, ევიწროვებათ, არ ჰყოფნით, ცუდი გზებია. …მიწის სუნი კი არ იციან, მიწაზე დაბიჯებით ცოდვას ვერ გრძნობენ. ... აქ კიბეებს აბიჯებენ, გამოტოვებული კიბე რომ წყევლის არ იციან.
მას ვერ ხედავენ. მხოლოდ მის სხეულს ხედავენ, ლამაზი სხეული აქვს. მისი სხეული ენერგიის ნაპერწკლებს ირეკლავს მზეზე და ეს მხოლოდ მათ სჭრით თვალს, ვისაც მიზნებიანმა არსებებმა გადაუარეს, ვისაც აღარ ეჩქარებათ და ამით სიცოცხლის იდეა დაკარგეს. საოცარია, მის სახელურს ვერავინ ხედავს, და არც არავის შეუღია ჯერ. ნეტავ, ლუპები თუ აქვთ, …ან სწორად თუ იყენებენ?
ის ვერ გრძნობს. მხოლოდ ტკივილი ასწავლა თავს. შუა საცობში გული გადაიხსნა და წინ დაუდგა მოძრაობას, …მათაც მყისიერად დაუკაწრეს დედიშობილა სული. …პირველადი მისია შესრულებულია, …იგრძნო! …მაინც რატომ ვერ ხედავენ სახელურს, რატომ აძლევენ ტკივილს ასე იოლად გზას? ტკივილი არ მოეწონა, მაგრამ პირველი გრძნობა ის იყო.
......

Monday, October 04, 2010

I was going through trash and found this. Felt like keeping it.

Due to sever stupidity and paranoia this user's been dead for 2 years.