ვიღაც ქალის და კაცის შვილის დიაგნოზი აქ სულ არ აინტერესებთ. ის გიჟია. დიდად არც იმას აქვს მნიშვნელობა, რა ტემპერატურა იქნება მის ოთახში წელიწადის ამა თუ იმ დროს, არც იმას, კვირაში რამდენჯერ ჩაიცვამს სუფთა ტანსაცმელს ან დაწვება სუფთა საწოლში, ან საერთოდ თუ ექნება საწოლი, შენობიდან ხომ თითქმის არ გავა მაინც. ...არ გაუშვებენ. აქ ფიქრის საშუალებასაც არ მისცემენ, გიჟური აზრები აქვს, აფექტიც ექნება ალბათ აზრებს რომ აჰყვეს. სუპში ჩამბალ პურს აჭმევენ, ცივი შხაპი თუ უფრო არ აგიჟებს- ბანაობის საშუალებას აძლევენ, ჯადოსნურ აბს აყლაპებენ ყოველ დღე, რომ არავინ შეაწუხოს ზედმეტად და მოიბუზოს მისთვის განკუთვნილ ძალიან ძველ და ჭუჭყიან, მაგრამ საწოლში.
ხვალ დილით კორიდორში გავა. ვიღაც პატარა გოგო -ბიჭების ბაბუს გამოელაპარაკება და, თუ საშუალება მისცეს, ნარდსაც ეთამაშება. ვიღაც გოგო -ბიჭების ბაბუები, არავისი დედები და ბებოები, ნაპოლეონის მეგობრები და დამსახურებული არტისტები მისი მეგობრები არიან. მათი რეალობაც ერთ დღიანია, ჯადოსნურ აბამდე მოსწრებული რეალობა. ეს უბრალო ჯადოსნური აბი არ არის- ეს წამალი "მე გიჟი არა ვარ"-ის სისულელეში გარწმუნებს და უსხეულოს გხდის შენი ძალიან ძველი და ჭუჭყიანი, მაგრამ მაინც საწოლის მიმართ, გაყვარებს სუპში ჩამბალ პურს და შენს ჭერზე ალბათ საუკუნის წინ გაჩენილ დიდ ბზარს. ბზარიდან დანახული ცის ნაგლეჯი ათას სიზმარს დაასიზმრებს ამაღამ ვიღაც ქალის და კაცის შვილს, დილით ალბათ კედელზე გადმოტანაც მოუნდება რომელიმე მათგანის, მაგრამ არ შეიძლება. აქ მხოლოდ გისოსებს გამოქცეული მზის სხივი შეიძლება, შენნაირები შეიძლება და, რა თქმა უნდა, ჯადოსნური აბის მადლით მარგალიტებივით დაბერილი ძალიან ძველი და ჭუჭყიანი, მაგრამ მაინც საწოლები შეიძლება.
საუკუნის რეალობა: თბილისის ფსიქიატრიული კლინიკები.